საქართველოში ჩოგბურთი უცხო ხილი არასოდეს ყოფილა. მუდამ გვყავდა ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე სერიოზულ წარმატებას აღწევდნენ და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. ამას რომ ვამბობთ, ძალიან შორეულ წარსულს სულაც არ ვგულისხმობთ, როდესაც დიდი ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გადიოდა, თეიმურაზ კაკულიაც მარჯვედ იქნევდა ჩოგანს და არც ლეილა მესხი ირცხვენდა თავს, რომელსაც WTA-ს 5 ტიტული მოუგია და რეიტინგის მე-12 ჩოგანიც გახლდათ.

დამოუკიდებელ საქართველოსაც აღუზრდია მაღალი დონის ჩოგბურთელები. ირაკლი ლაბაძეს, ალბათ, გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო, მაგრამ მისი კარიერა ისე დასრულდა, ტიტულს  ვერ შესწვდა, მერე კი…

…3-4 წლის წინ, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა ქართველი ჩოგბურთელისგან ATP-ის ტიტულის მოგება, ნიკოლოზ ბასილაშვილმა  კი ეს ლამის ჩვეულ ამბად გვიქცია. მის კოლექციაში უკვე 3 ჯილდოა და გვწამს, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ჩოგბურთის ქომაგს ეცოდინება თუ რას ნიშნავს ტიტულის დაცვა. მისი შენარჩუნება ორმაგად უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონობა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი ეს შეძლო და როჯერ ფედერერის შემდეგ გახდა მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც ჰამბურგის პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ ორჯერ იჩემპიონა…

საჩოგბურთო სეზონი კი გრძელდება. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირია. ჩოგბურთელების დიდი ნაწილი ვაშინგტონში შეიკრიბა, სადაც საკმაოდ წარმომადგენლობითი შეჯიბრი იწყება, ნაწილი კი ავსტრიულ კიტსბულშია, მაგრამ ბასილაშვილი მონაწილეობას არც ერთში მიიღებს. მან, დამღლელი და ემოციური კვირის შემდეგ დასვენება ირჩია და კორტს კანადურ-ამერიკულ მასტერსებზე დაუბრუნდება.

5-11 აგვისტოს, მონრეალის მასტერსი გაიმართება, რომელიც  უიმბლდონის და ამერიკის ღია პირველობის შემდეგ საჩოგბურთო სამყაროში ყველაზე უძველესი ტურნირია და სხვა ტოპ ჩოგბურთელებთან ერთად იქ ნიკოლოზ ბასილაშვილიც იქნება. მონრეალის ბოლო გამარჯვებული რაფაელ ნადალი არის, რომელმაც ფინალში სტეფანოს ციციპასს აჯობა.

კანადის შემდეგ კი მოთამაშეები აშშ-ს ცინცინატიში გადაბარგდებიან, სადაც საჩემპიონო თასის ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის წართმევას შეეცდებიან.

საინტერესოა, რომ შარშან ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორივე ეს მასტერსი გამოტოვა და შესაბამისად, დასაცავიც არაფერი აქვს. ამიტომაც, წლეულს, მონრეალსა და ცინცინატიში  თითოეული ეტაპის გავლისთვის განკუთვნილი ქულები მას პლუსში ჩაეწერება, რაც სავარაუდოდ რეიტინგში წინსვლით აისახება.

შემდეგ კი ამერიკის ღია პირველობაა..