ამ ზაფხულს, „მანჩესტერ სიტიმ” სატრანსფერო ხარჯვის რეკორდი მოხსნა; არც დიდმა ევროპულმა კლუბებმა დააკლეს; „ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი კი იმ ფეხბურთელებითაც კმაყოფილია, რომლებიც ჰყავს.
გერმანელმა, „ქალაქელების” სქელი ჯიბისა არ მშურსო, არადა მერსისაიდელებს 2019-20 წლების სეზონში სერიოზული ამოცანები ელით — ჩემპიონთა ლიგის ტიტული უნდა დაიცვან და პრემიერლიგაში „სიტისთვის” ჩემპიონობის წართმევა უნდა ცადონ. სულ კი „ლივერპული” ექვს ტროფის შეუტევს. ნახსენები ორის გარდა „წითლები” გამოვლენ ფეხბურთის ასოციაციის თასზე, ლიგის თასზე, უეფას სუპერთასზე და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ასეთი დიდი ამოცანების მიუხედავად, „ენფილდზე” ამ ზაფხულში ერთადერთი კაცი მიიყვანეს — 17 წლის ჰოლანდიელი სეპ ვან დენ ბერგი.
სხვათა შორის, ერთი კაცი დაიმატა „სიტიმაც”. ეს გახლავთ ესპანეთის ნაკრების მოთამაშე როდრი, რომელიც მანჩესტერში მადრიდის „ატლეტიკოდან” გადავიდა, მაგრამ პეპ გვარდიოლამ კლუბს მასში სარეკორდო თანხა, 62,8 მილიონი გირვანქა გადაახდევინა.
რაც შეეხება სხვა დიდ კლუბებს: „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” „ლიონს” წარმოშობით კონგოელ, დაბადებით, აღზრდით და მოქალაქეობით კი ფრანგ ტანგი ნდომბელეში 62 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც „დეზების” რეკორდია. ჯიბეში ხელი დაუნანებლად ჩაიყვეს „რეალმა”, „ბარსელონამ” და „იუვენტუსმაც”, კლოპი კი აცხადებს, მე ჩემი ბიჭებითაც ძალიან კმაყოფილი ვარო.
„სხვა კლუბებისას ვერაფერს გეტყვით, — თქვა „დორტმუნდის” ყოფილმა თავკაცმა, — წარმოდგენა არ მაქვს ისინი როგორ მუშაობენ. ჩვენთან კი ყველაფერი ანგარიშითაა. ჩვენ გადასახადებს ვიხდით. ბოდიში, მაგრამ გადასახადებს ყველა უნდა იხდიდეს.
ჩვენ ამ გუნდში ფული ჩავდეთ, ახლა კი ისე ჩანს, თითქოს არაფერი დაგვიხარჯავს. რას იზამ. ლივერპულელები ზღაპრულ სამყაროში არ ვცხოვრობთ, სადაც, რაც გინდა, ყველაფერი გისრულდება. ასე მუდმივად ვერც გაგრძელდება.
არადა, მსოფლიოში არის ოთხი კლუბი, რომელიც თითქოს სწორედ ასეთ ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობს. ესენია: „რეალი”, „ბარსელონა”, „მანჩესტერ სიტი” და „პარი სენ ჟერმენი”. მათ ვერავინ შეედრება.
არ იფიქროთ, რომ მე მათ ვაკრიტიკებ. არადა, ვიცი, ხალხი ჩემს ნათქვამს სწორედ ასე გაიგებს. იტყვიან შურსო, მაგრამ გარწმუნებთ, ერთი წამით არ არის ასე”.
„ლივერპული” დღეს ედინბურგში „ნაპოლის” ხვდება, შემდეგ კი შეკრების ადგილს იცვლის — შვეიცარიაში მიემგზავრება. იქ, „წითლები”, ოთხშაბათს, ჟენევაში, „ლიონს” ეთამაშებიან.
კლოპის გუნდში ორი დანაკლისია: კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო წავიდნენ დანიელ სტარიჯი და ალბერტო მორენო. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და მთავარ გუნდს მიუახლოვდა 19 წლის ინგლისელი თავდამსხმელი რაიან ბრევსტერი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ.
„ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ამ სატრანსფერო ფანჯრით ხომ არ მთავრდება. გაისად ამ დროს კიდევ იქნება ერთი. ახლა მთავარი მუშაობაა, თორემ არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ხუთ ფეხბურთელს დაიმატებ და ამის გამო შინ „ლესტერთან” ქულებს არ დაკარგავ. “, — თქვა დასასრულ კლოპმა.