ხანმოკლე პაუზის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ სამზადისის მორიგი ეტაპი წამოიწყო. ბორჯღალოსნები ამჯერად სრული, გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბნენ. „სრული“ იმიტომ, რომ წინა ეტაპზე გუნდში იყვნენ დიდი 10-ის კლუბების წარმომადგენლები და ლეგიონერთა ერთი ნაწილი, ახლა კი მათ წამყვანი ფრანგული კლუბების ქართველები შეურთდნენ.

თუმცა, მატებასთან ერთად, გაფართოებულ შემადგენლობაში დანაკლისიცაა: გუნდში აღარ არიან ფრანგული „ბორდოს“ მარჯვენა ბურჯი ლაშა ტაბიძე, ასევე ფრანგული „ნარბონის“ მესამეხაზელი ბექა ბიწაძე, მისი თანაამპლუელი საბა შუბითიძე „ბათუმიდან“ და „არმაზის“ მგეზავი რეზი ჯინჭველაშვილი.

მილტონ ჰეიგის განკარგულებაში მყოფი რაზმი კი ანთალიურ შეკრებას ფიზიკური კონდიციების დახვეწას მიუძღვნის და ნაკრების ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ბორჯღალოსნები მსოფლიო თასს უპრეცედენტოდ მაღალი ფიზიკური კონდიციებით შეხვდებიან. იმასღა დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრები თურქეთში 9 აგვისტომდე დარჩება.