აქ მოსაგებად ჩამოვედითო, – თქვა გაბალაში მატჩის წინ დინამოელთა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ და დანაპირები შეასრულა. „დინამომ“ “გაბალას“ ყველა კომპონენტში აჯობა, 2:0 დამსახურებულად მოიგო და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

დინამომ და გიორგი ნინუამ გაბალა ასეთ დღეში ჩააგდო                                                                    ბადრი კეთილაძის ფოტო

საინტერესო გუნდად ყალიბდება „დინამო“. ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონის დასაწყისში შექმნილი კრიზისი თითქმის არც ყოფილაო: ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს და ივლისის პაუზის წინ, პირველად ჩაუდგნენ სატურნირო ცხრილს სათავეში.

„გაბალასთანაც“ ისეთი თავდაჯერებულები იყვნენ მთელი 90 წუთის განმავლობაში, ცოტა გვეუცნაურა კიდეც.

ჩანს, ექსპერიმენტების დრო მთავრდება და 4-3-3 ტაქტიკური სქემა ნორმად იქცა. სამი საყრდენით თამაში (ამ შემთხვევაში პაპავა, კუხიანიძე, ნინუა) ეფექტურად მოსჩანს. განსაკუთრებით  20 წლის ნიკა ნინუას გარჯა გვინდა აღვნიშნოთ.

შემტევთა ტრიოც, რომელიც „ტორპედოდან“ ახლახან გადმოსულმა ნოდარ ქავთარაძემ შეავსო, საკმაოდ კარგი საცქერია.

ვერ ვიტყით, რომ ეს, უკვე ლიდერად ქცეულ ლევან შენგელიას საუკეთესო მატჩი იყო, თუმცა ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა და რამდენიმე კარგი პასიც მიითვალა.

მის სეხნია კუტალიას მინიმუმ სამი ბურთი უნდა გაეტანა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი. ვნახეთ სენეგალელი არფანგ დაფეს ულამაზესი გოლიც და თბილისელთა ახალწვეული 27 წლის განელი კვამე კარიკარიც, თუმცა მან სულ ხუთი წუთი დაჰყო მინდორზე.

ახლა კი, როცა გამარჯვების ემოციები ცოტა დაცხრა, ცოტა გაბალურ შთაბეჭდილბებზეც ვთქვათ.

… გაბალას აზერბაიჯანულ შვეიცარიას უწოდებენ. მწვანეში ჩაფლული პატარა ლამაზი ქალაქია, რომელშიც დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის უდინები –  კავკასიელი ალბანელების პირდაპირი შთამომავლები.

ცხადია, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა ტურისტული ცენტრებია, თავისი სასტუმრო-კოტეჯებით. არის საბაგიროც, რომელსაც იქაურ ფუნიკულიორზე აჰყავხართ, მაგრამ ერთობ ძვირი სიამოვნებაა.

მოგვეწონა ქალაქის პარკიც, რომელსაც აშკარად ეტყობა ძველი კულტურის ნაშთები. ადგილობრივები კეთილგანწყობილნი არიან.

ზამთარშიც ბევრი ტურისტია, სათხილამურო ტრსებზე ტევა არ არისო, გვითხრა ტაქსის მძღოლმა. ამ შუა ხნის კაცს „ჟიგულით“ მივყავდით სტადიონისკენ. „ნოლ პიატი“ გახსოვთ? ეგ იყო.

საერთოდ, ძალიან ბევრი „ჟიგულებია“ ქალაქში. უპირატესად ტაქსები. ეტყობა ტრადიციის, „ხოშის“  ამბავია, თორემ ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ შეძლებული ხალხი ცხოვრობს  და საშუალო კლასის უცხოური მანქნის შეძენა არ უნდა უჭირდეთ.

როცა მძღოლმა გაიგო ფეხბურთზე ვიყავით ჩასულები, ჯერ სახე გაუნათდა, მერე კი სინანულით თქვა: თამაშზე აუცილებლად ვიქნები. ეგ არის, „გაბალა“ ძველებურივით ყოჩაღი ვეღარ არის, პრეზიდენტი შეიცვალა და საქმეები თავდაღმა წავიდაო.

სტადიონი ისეთ ადგილზეა, პირველად რომ მოხვდეთ ქალაქში, კარგა ხანს მოგიწევთ ძებნა. გზიდან ხეირიანად არც ჩანს. თუმცა შიგნით შესულებს საოცარი სანახაობა დაგხვდებათ.  ტრიბუნები სულ 4 500 მაყურებელს იტევს, მაგრამ ყველაფერს ეტყობა რომ საქმიანად გაუკეთბიათ. მინდორი კი ისეთი ხარისხისაა – ხალიჩასავითო, რომ იტყვიან.

ეს სტადიონი 1985 წელს აუშენებიათ ყოფილი თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე. ორიათასიანების შუაში კი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარებიათ, რომლის შემდეგაც კომპლექსს რამდენიმე სათადარიგო მოედანი და სატრენაჟორო დარბაზიც დაემატა.

იქვეა გუნდის საწვრთნელი ბაზა და აკადემია. ასევე გამართული ინფრასტრუქტურით. ამის შემხედვარეს, ანაზდად სინანულის გრძნობა გაგკრავს კაცს გულში. ჩვენი გუნდების გახსენებისას – შუა სეზონში რომ იშლებიან და ნახევარზე მეტი სხვა ქალაქებში თამაშობს.

ერთია ოღონდ. ვერ გამიგია, რა მოუვიდათ წინასამატჩო პრესკონფერენციისას, როცა ინტერნეტიც გაითიშა, არც დენის წყაროები მუშაობდა გამართულად და არც კონდიციონერი. არადა, ხვატი იდგა, თქვენი მოწონებული.

ჟურნალისტების ერთ ჯგუფს, რომლებიც ერთად ვცხოვრობდით, შინ მისულებს შუქიც არ დაგვხვდა და კინაღამ რეპორტაჟები ჩაგვეშალა. თუმცა მერე ყველაფერი მოგვარდა. უშუქობა ლოკალური დაზიანების ბრალი ყოფილა, თამაშის დღეს კი ინტერნეტიც გამართული დაგვხვდა და სხვა დანარჩენიც.

საერთოდ, ევრომატჩებისას, ტრადიციულად პრესცენტრში სენდვიჩები, ბუტერბროდები და გამაგრილებელი სასმელები მოაქვთ ხოლმე. აქ კი მწვანილი, კიტრი-პომდორი, აჯაფსანდალი და იქური ყაიდის ლულა ქაბაბები მოიტანეს…

თამაშის წინ, სტადიონთან მისულებს, ათამდე  სამხედრო მანქანა და ჯარისკაცები დაგვხვდნენ. შიგნითაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებისთვის მიემართათ. ალბათ ოთხი წლის წინანდელი ინციდენტი თუ გაახსენდათ, როცა „გაბალას“ გულშემატკივრებმა საქართველოს დროშები დაწვეს და ატყდა ერთი აბავი. თვითმხილველი კოლეგები მიყვებოდნენ ძლივს გამოვასწარით იქიდანო.

ეს ყველაფერი თბლისური ინციდენტის გაგრძელება გახლდათ. პირველი მატჩის დროს გულშემატკივრებმა პლაკატი გამოფინეს, სადაც ეწერა „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა. კახი 1921.“

ბადრი კეთილაძის ფოტო

ამ ამბავს შემდეგ პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა ორივე მხრიდან და საბოლოოდ ყველაფერი გარეშე ძალის პროვოკაციად მოინათლა. მაშინ ორი მატჩის ჯამში შემდგომ ეტაპზე „გაბალა“ გავიდა.

ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. „დინამოს“ ასამდე გულშემატკივარს ცალკე სექტორი გამოუყვეს. ისინი ერთობ ომახიანად ქომაგობდნენ თავის გუნდს და თამაშის შემდეგ ფეხბურთლებისგან გულითადი ტაშიც დაიმსახურეს.

„დინამომ“ 2:0 მოიგო კუტალიასა და დაფეს გოლებით. მოიგო და რევანშიც შედგა. იმ „ისტორიულ“ მატჩში „გაბალამ“ სწორედ ასეთი ანგარიშით დაგვამარცხა.

სპორტი აერთიანებსო, ნათქვამია და ეს გაბალაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ბოლო დროს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ვითარება ცოტა დაიძაბა. მაგრამ იქ მყოფი აზერბაიჯანელი კოლეგები თუ ორგანიზატორები, ძალიან გულთბილად და პატივისცემით გვეპყრობოდნენ. ისე, როგორც კავკასიურ სტუმართმოყვარეობას შეეფერება. პრესცენტრშიც, სანამ ბოლო ჩვენიანმა არ დაამთავრა მუშაობა, მოთმინებით გველოდნენ და სხვადასხვა იქაურ ნუგბარს გვთავაზობდნენ. ბოლოს, ხელი ხელს დავკარით და თბილისში შეხვედრამდე დავემშვიდობეთ…

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო  შეხვედრა, თბილისში, „დინამო არენაზე“ 1 აგვისტოს გაიმართება და 21 საათზე დაიწყება.

სოლომონ გულისაშვილი, თბილისი-გაბალა-თბილისი