ესპანური ლა ლიგა 16 აგვისტოს იწყება, მანამდე კი ფეხბურთელები ემზადებიან და… ცოტას კინკლაობენ კიდეც. ასე მაგალითად, ბარსელონელი კარლეს ალენია უკმაყოფილოა, რომ კლუბმა 21 ნომერი ახალწვეულ ფრენკი დე იონგს მისი ნებართვის გარეშე მიანიჭა. ალენია 21 წლისაა, დე იონგი ოცდაორის.

ალენიამ თქვა: „ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ კლუბის ხელმძღვანელობა 21 ნომრიან მაისურს დე იონგს ჩემთან შეუთანხმებლად დაჰპირდა. თავად დე იონგი თავაზიანი ადამიანი აღმოჩნდა, კლუბის დაპირების მიუხედავად, მოვიდა  და მთხოვა, თუ შეიძლება 21 ნომრით მე ვითამაშებო. დავთანხმდი, რადგან, ბოლოს და ბოლოს თანაგრძნობის ამბავია. თუმცა, ვიმეორებ, კლუბისგან ძალიან მეწყინა. მე „ბარსელონასთან” არასდროს არაფერი შემშლია, ისინი კი არასწორად მომექცნენ”.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ დე იონგმა ჯერ კიდევ თებერვალში, „აიაქსში” ყოფნის დროს განაცხადა, „ბარსაში” რომ გადავალ სიამოვნებით ვითამაშებ ჩემი საყვარელი 21 ნომრითო.

საინტერესოა, რომ დე იონგი ალენიას კონკურენტი მარტო ნომრის საკითხში არ არის. ორივენი ცენტრალური ნახევარმცველები არიან. შეძლებს კი ბარსელონაში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელი შემადგენლობიდან ამოაგდოს უცხოელი მოთამაშე, რომელშიც 75 მილიონი ევროა გადახდილი — ამხელა ხარჯს კი, მოგეხსენებათ, გამართლება უნდა, — სერიოზული საკითხია.

გასულ სეზონში კარლეს ალენიამ „ბარსას” ძირითადში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა. ამ 17 თამაშიდან ექვსში ის სასტარტოში იყო.