მარკო ასენსიო სერიოზულად დაშავდა

ზინედინ ზიდანი წუხს, რომ „რეალის” ფეხბურთელები სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში ტრავმებს იღებენ. ბოლო, ვინც მადრიდელთაგან დაშავდა, 24 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ფერლანდ მენდი გახლდათ. მანამდე მარკო ასენსიომ გაიწყვიტა ჯვარედინი მყესი, რაც სერიოზული ტრავმაა, ხოლო კიდევ უფრო ადრე 19 წლის ესპანელი ნახევარმცველი ბრაიმ დიასი გახდა სამკურნალო.

„ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ტრავმიანობა მაწუხებს, — თქვა ზიდანმა, — მარკოს ფერლანდი მოჰყვა. თითქოს სერიოზული არაფერი ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ვარჯიშების გამოტოვება მოუწევს. თან, არ ვიცი რამდენი ხნით. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი რამ ხდება. იმედი მაქვს, რომ მენდი მალე დაგვიბრუნდება”.

ექიმებმა თქვეს, რომ ასენსიო „რეალს” ცხრა თვით გამოაკლდება. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა მადრიდის კლუბი ამ ზაფხულს მისი შემცვლელის მოძებნასა და შეძენას, თუმცა ამ კითხვას ფრანგმა მწვრთნელმა ფაქტობრივად არ უპასუხა.

„მომზადებას იმ ფეხბურთელებით განვაგრძობთ, რომლებიც აქ არიან. შეკრებას რომ დავასრულებთ, მადრიდში დავბრუნდებით. საერთოდ არ ვფიქრობ, ვინ შეიძლება შეცვალოს მარკო. მისი ტრავმა დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი იმ ფეხბურთელებისგან შედგება, რომლებიც აქ გვყავს”.

აშშ-ში „რეალს” შემდეგი ამხანაგური თამაში თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან” აქვს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ბრძოლას, განვითარებას. „ატლეტიკო” ძალიან კარგი გუნდია და ვფიქრობ, სასარგებლო და სანახაობრივი შეხვედრა გამოგვივა”, — თქვა ბოლოს ზიდანმა.