ვენაში, ხელბურთის ევროპის ფედერაციის ოფისში გაიმართა წილისყრა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ორი სხვადასხვა შეჯიბრების მეტოქეები გამოუვლინა.
პირველი შეჯიბრება გახლდათ ევრო 2022, რომლის მეორე შესარჩევ ეტაპში თამაშის უფლება ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ივნისში, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ IHF-ს ერთა ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვა. ქართველ გულშემატკივარს ამ შეჯიბრებაში მისი ნაკრების წარმატებული გამოსვლა კარგად ემახსოვრება.
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო შეჯიბრების მეორე ეტაპი ფლეი-ოფი გახლავთ, სადაც საქართველოს ნაკრებს მეტოქედ ფინეთი ერგო. შედგა კიდევ ორი წყვილი: ლუქსემბურგი – ესტონეთი და კვიპროსი – ბელგია. პირველი შეხვედრები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე გაიმართება. გამარჯვებული სამეული კი მოხვდება შესარჩევი შეჯიბრების დასკვნით საფეხურზე, სადაც 32 უძლიერესი გუნდი 20 საგზურისთვის იბრძოლებს.
ევრო 2022 უნგრეთსა და სლოვაკეთში გაიმართება.
მეორე შეჯიბრება, როლის კენჭისყრაც გუშინ ვენაში გაიმართა, გახლავთ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი. უფრო სწორედ, მისი პირველი ეტაპი. აქ საქართველოს ნაკრების მეტოქეებად დასახელდა რუმინეთი, იტალია და კოსოვო.
შეჯიბრების პირველი ორი ტური გაიმართება წლეულს 23-24 და 26-27 ოქტომბერს და გაგრძელდება 2020 წლის 1-2, 4-5, 8-9 და 11-12 იანვარს.
ჯგუფში შეხვედრები ორ წრედ, შინ და სტუმრად გაიმართება, თუმცა თუკი მონაწილე ეროვნული ფედერაციები ამჯობინებენ, შესაძლოა მიმოსვლის ნაცვლად რომელიმე ქვეყანაში ერთწრიანი ტურნირი ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში მასპინძელი ქვეყნის ვინაობა კენჭისყრით გაირკვევა.
თავად მსოფლიოს ჩემპიონატს კი ეგვიპტე უმასპინძლებს და მასში პირველად ითამაშებს 32 გუნდი. ევროპას, მსოფლიო ჩემპიონის, დანიის გარდა აქვს 13 ადგილი, რომელთა მფლობელები როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ორი რაუნდისგან შემდგარ შესარჩევ შეჯიბრებაში გაირკვევიან.
პირველ რაუნდში ითამაშებს 15 ქვეყანა, რომელიც ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირში არ მონაწილეობს. აქ, ოთხი შესარჩევი ჯგუფის (საქართველოს ჯგუფი ზემოთ გაგაცანით) გამარჯვებულები გავლენ მეორე, ფლეი-ოფის რაუნდში, სადაც ისინი ევრო 2020-ის მონაწილე ნაკრებებთან დაწყვილდებიან და ფინალური ტურნირის საგზურებს გაათამაშებენ. პლეიოფი გაიმართება ორ ეტაპად, 2020 წლის აპრილსა და ივნისში.