ვწერდით, რომ ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილი „რეალისა” და „ბაიერნის” ამხანაგურ შეხვედრაში (1:3) არ ათამაშა. ამასვე წერდა მთელი მსოფლიო. მაგრამ, მადრიდელთა მწვრთნელმა, თქვა, რომ ბეილმა იმ შეხვედრაში მონაწილეობაზე თვითონ თქვა უარი.

„არსენალთან” ხვალინდელი მატჩის წინ, „ლოს ბლანკოსის” თავკაცმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა:

„მე უპატივცემულოდ არავის ვეპყრობი, მითუფრო ფეხბურთელს. უბრალოდ, ახლა ისეთი პერიოდია, რომ კლუბი მის გაყიდვაზე მუშაობს. „ბაიერნთან” გარეთმა არ ითამაშა, რადგან თავად არ უნდოდა. მან სწორედ ეს თქვა — რაკი კლუბი ჩემი ტრანსფერის საკითხზე მუშაობს, არ ვითამაშებო.

რაც შეეხება „არსენალთან” შეხვედრას, ჯერჯერობით ბეილს არ უთქვამს უნდა თუ არა მასში მონაწილეობა.

გარეთ ბეილის სიტუაცია ყველამ კარგად იცის. შეცვლითაც ამ წუთისთვის არაფერი შეცვლილა. კლუბი ისე მოიქცევა, როგორც საჭირო იქნება.

რაც შემეხება მე, ვალდებული ვარ ყველა ფეხბურთელს პატივი ვცე და ამიტომ, სანამ ბეილი ჩვენთან არის, იგივეს გააკეთებს, რასაც სხვები აკეთებენ”.

შემდეგ, ზიდანს ჰკითხეს, რამდენად მართალია, რომ მადრიდელებმა უელსელი შეიძლება „პარი სენ ჟერმენს” ნეიმარში გაუცვალონ, სავარაუდოდ, ფულის დამატებით.

„წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი ამოცანა დღეს გუნდში მყოფი ფეხბურთელების მომზადებაა. ბეილი ჩვენთან არის და ამიტომ ივარჯიშებს ისე, როგორც სხვები ვარჯიშობენ. და მე მას უახლოესი ამხანაგური შეხვედრების გეგმაში შევიტან”, — უპასუხა ზიდანმა.

როგორც ადრე მოგახსენეთ, ბეილი შესაძლოა ჩინეთში გადაბარგდეს, სადაც კვირაში მილიონ გირვანქას გადაუხდიან.