ამას წინათ ვწერდით, წლევანდელ ამერიკის ღია პირველობაზე, სარეკორდო საპრიზო ფონდი – 57 მილიონი დოლარი იქნებაო. რა თქმა უნდა, ეს კოლოსალური თანხა, ტურნირის ყველა ეტაპზე, ერთეულთა თანრიგში, წყვილთა თუ შერეულ წყვილთა შორის გამარჯვებულ-დამარცხებულებზე გადანაწილდება და ცხადია, შესაბამისი რაოდენობის იქნება…

დიდ სლემებზე  წმინდა სპორტულის გარდა სხვა წესებიც მოქმედებს, რასაც სპორტსმენთა მხრიდან მაყურებლების პატივისცემა და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება ჰქვია. თუ მის დარღვევაში იქნება ვინმე შემჩნეული, გამომუშავებულ თანხას ვერ მიიღებ. მაგალითად „უიმბლდონზე“ ასე დაემართა ბერნარდ ტომიჩს, რომელიც საწყის ეტაპზევე ჟო-ვილფრიდ ცონგასთან დამარცხდა, თუმცა საპრიზო ფონდიდან მას კუთვნილი ფული დაუკავეს, რადგან პროფესიონალური ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულეს.

გახსოვთ ანა ტატიშვილი? თუმცა რატომ უნდა დაგვიწყებოდათ. არც ისე შორეულ წარსულში ხომ ის ნომერ პირველი ქართველი ჩოგბურთელი და საერთაშორისო არენაზე ჩვენი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. ახლა კი ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელით თამაშობს თუ ამას თამაშს ვუწოდებთ.

ბოლო პერიოდში, ტატიშვილი სასურველი ფორმისგან ძალიან შორს არის და ტურნირებზეც იშვიათად ჩანს, თუმცა წლევანდელ „როლან გაროსზე“ გაიელვა და პირველ წრეში მარი საკარისთან 0:6, 1:6 წააგო. მარცხი მარცხად, მაგრამ ტატიშვილს არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულეს და საფრანგეთის ღია პირველობის საპრიზო ფონდიდან, საწყის ეტაპზე წაგებულისთვის განკუთვნილი თანხა – 46 ათასი ევრო არ მისცეს. როგორც ირკვევა, ეს დროებითი ამბავი გამოდგა.

„დიდი სლემების საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბა და მაშინდელ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა. მათ დაადგინეს, რომ პარიზში, „როლან გაროსზე“ საკარისთან მატჩის დროს, პირველიდან ბოლო ქულამდე საქმეს სერიოზულად ვუდგებოდი და  არაპროფესიონალურად არ მოვქცეულვარ. ამიტომაც დაკავებულ თანხად გადმომცემენ,“ – წერს ანა ტატიშვილი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ასე რომ, მოახლოებულ ამერიკის ღია პირველობაზე, სადაც ტატიშვილს „შინაურ“ კედლებში მოუწევს თამაში, როგორც მინიმუმ 58 ათასი დოლარი გარანტირებული ექნება, მთავარია ჩოგანი გულით იქნიოს…