ახალი სეზონის წინ, ლონდონის „ჩელსი“ ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ეს უპირველესად კადრებს შეეხება. გუნდიდან მადრიდის „რეალში“ წავიდა საუკეთესო ფეხბურთელი ედენ აზარი. „იუვენტუსში“ გადავიდა მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი.

ახლა, იტალიელი სპეციალისტის ადგილზე მისულ ფრენკ ლამპარდს, დასახული მიზნების მისაღწევად დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს.

მისი მუაობის დაკვირვებაც საინტერესოა. გუნდში ხომ კიდევ რჩებიან ფეხბურთლები, რომელთა მხარდამხარ ლამპარდი თამაშობდა.

თავის დროზე ფრენკი „ჩელსის“ სული, გული და ძრავა გახლდათ, მაგრამ მთლად თავისუფალი ვერ იყო, უნდოდა თუ არა, მწვრთნელის ტაქტიკურ მონახაზში უნდა ჩამჯდარიყო. ახლა ვითარება შეიცვალა და უკვე მის სქემებს უნდა დაექვემდებარონ სხვები.

როგორ შეძლებს ის ძველ პარტნიორებთან ახლებური სტატუსით ურთიერთობას? ამ მხრივ ვგონებთ, პრობლემა არ უნდა შეექმნას. აი, რას ამბობს ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშე სესარ ასპილიკუეტა: „ახლა ის ჩვენი უფროსია. ადრე ლემპსს ვეძახდით. რამდენიმე წელიწადს ერთად ვთამაშობდით. ძალიან მომწონდა ის დრო. ახლა ის მწვრთნელია და ურთიერთობა შეიცვლება. წინ უნდა გაგვიძღვეს.“

პრობლემას ვერ ხედავს კიდევ ერთი გამოცდილი ჩელსელი დავიდ ლუისი. ის ამბობს, რომ გუნდში კარგად მიიღეს ლამპარდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა და ყველა გვერდში დაუდგება ფრენკს.

მეორე დადებითი ფაქტორი ის არის, რომ ფრენკი, ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველა ფეხბურთელს მისცემს თავის გამოჩენის შანსს. ამ მხრივ, სარი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. აირჩევდა ფეხბურთელებს და მერე ქვეყანა რომ დაქცეულიყო გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. რაღაც აკვიატებასავით სჭირდა.

ფრენკი სხვანაირია, აკი თქვა კიდეც, სულელი უნდა ვიყო ვიღაცის სკამზე ჯდომა რომ მინდოდეს, შანსი ყველას მიეცემაო.

ლამპარის მისვლა ახალგაზრდებისთვისაც შანსია.

და კიდევ, ლამპარდი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფიზიკურ მომზადეწბას, ამიტომ ახალ სეზონში „არისტოკრატებს“ უფრო მობილურებს და ჯანიანებს ვიხილავთ.