შავი ჭირი – სახელწოდებით გარიგებული მატჩები მარტო ქართული ფეხბურთის თავისტკივილი როდია. არც ისე შორეულ წარსულში იყო მამაძაღლობაში ტურინის „იუვენტუსი“ რომ ამხილეს და სერია B-ში დააქვეითეს. საფეხბურთო ევროპაში ჩაწყობილი შეხვედრების მონაწილე სხვა არაერთი გუნდიც გამხდარა.

მორიგი ნაღმი კი ბელგიაში აფეთქდა. თან საქმე არა დაბალ დივიზიონში მყოფ უცნობ-უსახელო გუნდს, ქვეყნის თასის მფლობელ „მეხელენს“ ეხება, რომელიც რა გასაკვირია, რომ უეფამ მკაცრადაც დასაჯა. „მეხელენი“ 2019-2020 წლების სეზონში, ევროპის ლიგის გათამაშებიდან მოკვეთეს.

ევროპული ფეხბურთის მამები, როგორც წესი, გარკვეული ეჭვების საფუძველზე საკუთარ გამოძიებას ატარებენ და ამიტომაც მის დასრულებამდე გუნდი თავდაპირველად ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე დაუშვა, პარალელურად კი ბელგიის სპორტული არბიტრაჟის დასკვნასაც დაელოდნენ. საბოლოოდ კი ორივემ ერთად დაადგინა, რომ „მეხელენი“ მთლად სუფთა არ იყო და კლუბიც ევროსარბიელს ერთი წლით ჩამოაშორდა.

„მეხელენს“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „სტანდარტი“ ჩაანაცვლებს, „ანტვერპენი“ ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის „გენტს“ საქმეში მეორე ეტაპიდან ვნახავთ.

მართალია, ბელგიური „მეხელენი“ ევროსარბიელს მხოლოდ ერთი სეზონით ჩამოაშორეს, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობას ფეხბურთში საქმიანობა 10 წლით აუკრძალეს.