„არსენალის” ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი ლორან კოსიელნისა და ჩრდილოლონდონური კლუბის კონფლიქტით გაკვირვებულია. კოსიელნი „მეთოფეებს” აშშ-ში, სეზონისწინა შეკრებაზე არ გაჰყვა და გაფიცვით ცდილობს კლუბი მის საფრანგეთში გაყიდვაზე დაიყოლიოს.

33 წლის მცველის შეძენა მისი მშობლიური ქვეყნიდან „რენსა” და „ბორდოს” უნდა. არადა, „არსენალთან” ფრანგს იურიდიულად კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს.

„მეთოფეები”, რომელთაც გუშინ, ლოს ანჯელესში, „ბაიერნს” 2:1 მოუგეს, კოსიელნის დაჯარიმებას აპირებენ. დირექტორატმა თქვა, რომ მას კლუბის კაპიტნობაც ჩამოერთმევა.

არადა, კონფლიქტი მართლაც გასაკვირია. ლორან კოსიელნი ჩრდილოლონდონურ კლუბში ხომ 2010 წლიდან ერთგულად თამაშობს. ცხრა წლის წინ, „არსენალმა” ის „ლორიანიდან” სულ რაღაც 10 მილიონ გირვანქად იყიდა.

ვენგერი კი „ეკიპთან” საუბარში ამბობს, რომ მის დროს კაპიტანი სანიმუშო ქცევით გამოირჩეოდა.

„კონფლიქტის შესახებ რომ გავიგე, მართლა ძალიან გამიკვირდა. რა მოხდა თავიდან ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ლორანი ყოველთვის სამაგალითო რომ იყო, ამას დავადასტურებ. მე მას, როგორც ადამიანს ძალიან ვაფასებ”, — თქვა ვენგერმა.

ხოლო კოსიელნის თანამემამულემ, მეგობარმა და ყოფილმა თანაგუნდელმა ოლივიე ჟირუმ BBC-თან საუბარში „არსენალში” შექმნილი მდგომარეობა ასე დაახასიათა:

„ეს ისეთი საქმეა, სანამ ყველაფერს დეტალურად არ შევიტყობთ, მანამდე დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვით. გარწმუნებთ, ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ყველაფერი ცნობილი გახდება. მანამდე კი იმედი მაქვს, რომ მხარეები ურთიერთსასარგებლო დასკვნამდე მივლენ”.