დორტმუნდში მილიონების წვიმა მოვა! გერმანული ბუნდესლიგის მეორე კლუბი ისტორიაში უდიდეს სპონსორულ კონტრაქტს ელოდება. „შპორტ ბილდმა” შეიტყო, რომ დორტმუნდელებს სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების გიგანტ „პუმასთან” ახალ შეთანხმებამდე აღარაფერი აკლიათ.

კლუბსა და უმსხვილეს ბრენდს ჯერ წინა კონტრაქტის ვადა არ გასვლიათ, ის 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ამის მიუხედავად, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ. ცნობილი გახდა, რომ ის ათწლიანი იქნება და ამ ათი წლის განმავლობაში „დორტმუნდი” 300 მილიონ ევროს მიიღებს.

თუკი „პუმა” და „შავ-ყვითლები” ახალ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, ძველი კონტრაქტი ძალას დაკარგავს და 2020 წლის 1 ივლისიდან ახალი ათვლა დაიწყება.

„დორტმუნდის” დირექტორმა კარსტენ კრამერმა „შპორტ ბილდს” ცნობა დაუდასტურა, თუმცა რიცხვები არ დაუზუსტებია. მან თქვა: „ჩვენ „პუმასთან” მოლაპარაკებების კარგ ეტაპზე ვართ. ფაქტობრივად, ხელმოწერასთან ძალიან ახლოს ვიმყოფებით. რიცხვებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ახალი გარიგება ადრინდელზე გაცილებით სარფიანი იქნება”.