როგორც, ჩირაღდანი და ცეცხლია ოლიმპიური თამაშების განუყოფელი ნაწილი, გინდა, არ გინდა, ისეა გადაჯაჭვული სპორტი და პოლიტიკა.
მაგალითების ჩამოსათვლელად შორს წასვლა საჭირო ნამდვილად არ არის. ქართულ სპორტს და სპორტსმენებს საკუთარ თავზე აქვთ უამრავი რამ ნაწვნევი. თუნდაც 1984 წლის ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიადა რად ღირს, როდესაც დიდი პოლიტიკური თამაშების გამო უბრალო ათლეტები დაიჩაგრნენ და ვინძლო ახლა, იმაზე მეტი ოქრო-ვერცხლ-ბრინჯაო უნდა ჩხრიალებდეს ჩვენს ყულაბაში, ვიდრე გვაქვს.
საქართველოსი არ იყოს, უკრაინა-რუსეთის „სიამტკბილობის“ ამბავიც მთელმა დუნიამ იცის. სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური მტრობა კი სპორტსაც გადასწვდა. ამჯერად საქმე პლაჟის ფეხბურთს და მსოფლიო ჩემპიონატს ეხება. უფრო სწორად, საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელსაც უკრაინის პლაჟის ფეხბურთის ფედერაციამ ბოიკოტი გამოუცხადა.
მიზეზი კი ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ტურნირი, 19-27 ივლისს მოსკოვში არის დაგეგმილი, რუსეთში ჩასვლა კი უკრაინელებს არ სურთ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვში არ მივავლინოთ,“ – ასე მოკლე განცხადებით შემოიფარგლა უკრაინის პლაჟის ფეხბურთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის გამოტოვების გამო, უკრაინის ნაკრები ავტომატურად ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ისე, კი მათ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ესპანეთი, ლატვია და აზერბაიჯანი ჰყავდათ.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ პლაჟის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს 21 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე პარაგვაი უმასპინძლებს.