თურქეთში არსებობს ასეთი კლუბი „მენენენსპორი“, რომელიც ფეხბურთის თავგადაკლულ ქომაგს შესაძლოა გაგებული კი ჰქონდეს, მაგრამ ბევრს არაფერს ეუბნებოდეს. აი, პორტუგალიის მესამე დივიზიონის ბინადარ „ალკოტეშენსეს“ შესახებ კი თავად კრიშტიანუ რონალდუს თანამემამულეთა დიდ ნაწილსაც არაფერი სმენია.
სამაგიეროდ, საქართველოში ყველამ ვიცით, რომ ერთ სოფელში ორი მარინე ფერაძე ცხოვრობდა და ხანდახან ამის გამო კურიოზული შემთხვევებიც ხდებოდა. იქეთ არაფრისმთქმელი თურქული და პორტუგალიური საფეხბურთო გუნდები, აქეთ უნიკალური ძველი ქართული კინემატოგრაფი და „ჭრიჭინა“, რომელმაც დროს გაუძლო და მუდამ დარჩება ჩვენთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმად.
ახლავე გაგარკვევთ. ალფა ჯალოუ გამბიელი ფეხბურთელია, რომლის სახელიც ასევე ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ერთობ უსიამოვნო ამბავი კი გადახდა. მან, ზემოთ ნახსენებ „მენენენსპორთან“ კონტრაქტი კი გააფორმა, მაგრამ ზუსტად 24 საათში გუნდიდან გააგდეს. ამის მიზეზი არც უდისციპლინობა ყოფილა და არც ვარჯიშზე თავის ცუდად წარმოჩენა. ან ასეთ მოკლე დროში რა უნდა მოესწრო?! საქმის ვითარება კურიოზულ შეცდომაში მდგომარეობს, რომელიც თურქული გუნდის ხელმძღვანელობას მოუვიდა. მათ თვალი ჯალოუს კი დაადგეს, მაგრამ არა ალფას, არამედ ლამინას. მოლაპარაკებების დროს კი ისინი კონტაქტზე ალფას აგენტზე გავიდნენ. ფეხბურთელი და მის ტრანსფერებზე მომუშავე პირი ყველაფერს კი მიხვდნენ, მაგრამ წაეშმაკება გადაწყვიტეს და კონტრაქტიც უმალ გააფორმეს. თურქული გუნდი შეცდომას მალევე მიხვდა, ფეხბურთელს კარისკენ მიუთითა და მათთვის სასურველ ჯალოუს მოგვარეს – ლამინას უხმეს.
ასე რომ, ალფა ჯალოუ, რომელიც თურქეთში 24 საათიან ვოიაჟამდე თავში ნახსენები პორტუგალიის მესამე დივიზიონის გუნდის წევრი იყო ახლა უკლუბოდაა და ვეჭვობთ მასზე ტაციაობა იყოს…

წილი
წინა სტატიაზიდანი რეალს დაუბრუნდა
შემდეგი სტატიაინტერის 56 წლის შენაძენი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...