მას ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გაუხსნეს ფინანსური ფრონტი. როგორც ესპანური „ელ მუნდო“ იუწყება, ძიება ნეიმარის მიერ დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების გამო გაზაფხულიდან წარმოებს.

ნებისმიერი პირი, ვინც ესპანეთში 183 დღეზე ანუ ნახევარ წელიწადზე მეტს იცხოვრებს, ვალდებულია, შეავსოს საშემოსავლო დეკლარაცია. ნეიმარს „ბარსაში“ თამაშის მთელი პერიოდი ამოუქექეს და საერთო ჯამში 35 მილიონ ევროს ეცილებიან.

რამდენიმე დღის წინ გამცნეთ, რომ ნეიმარს პრობლემები აქვს ბრაზილიაშიც. მას უძრავი ქონების 36 ობიექტი დაუყადაღეს, რაც ჯამურად 16 მილიონი ევრო ღირს. საქმე ეხება 2013 წელს მის გადასვლას „სანტოსიდან“ კატალონიაში, როცა ბონუსად 40 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ყველაზე მეტი თაღლითი ამ საქმეში მამა-ნეიმარია, რომელიც შვილს მენეჯერობს და საგადასახადო კანონმდებლობასთან ვერ მეგობრობს. ამან, შესაძლოა, ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნებას სერიოზული პრობლემები შეუქმნას.