2020 წლის ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენის – ტოკიოს ეროვნული სტადიონის მშენებლობა 90 პროცენტით დასრულებულია. სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონია 21 დეკემბერს შედგება.
„ფასადური სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად შიდა მოპირკეთებით და აღჭურვილობის მოწყობით ვართ დაკავებული. მოედანი და სარბენი ბილიკები რამდენიმე კვირაში იქნება მზად,“ – თქვა ეროვნული სტადიონის განვითარების დირექტორმა ტაკეო ტაკაჰასიმ.
მოსალოდნელია, რომ პირველ დღეებში სტადიონზე სტუმრობა ყველა მსურველს შეეძლება. ტოკიო 2020-ის უმთავრესი არენა, რომელიც 68 ათას ადამიანს დაიტევს, უმასპინძლებს ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს, საფეხბურთო ტურნირის მატჩებს და მძლეოსანთა შეჯიბრებებს.
ეროვნული სტადიონი დაპროექტებულია კენგო კუმას მიერ. სტადიონის საშენ მასალად გამოყენებულია იაპონიის ყველა – 47 პრეფექტურიდან აღებული მერქანი.
საინტერესოა, რომ ტოკიოს ეროვნული სტადიონის არქიტექტორის კარიერა მნიშვნელოვანად განსაზღვრა 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა. კერძოდ, ამ თამაშებისთვის კენძო ტანგეს ნახაზებით შექმნილი საცურაო აუზი და კალათბურთის დარბაზი ერთგვარ შთაგონებად იქცა 10 წლის კენგო კუმასთვის, რომელმაც საკუთარი მომავალი არქიტექტურას დაუკავშირა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე მასზე დასასწრები 3.22 მილიონი ბილეთია გაყიდული. ირკვევა, რომ ბილეთების ეს რაოდენობა იაპონელების შესყიდულია.
ბილეთების გაყიდვის შემდგომი ეტაპი შემოდგომაზე განახლდება.