ბნელი 90-იანების მიწურულს, 1999 წლის 20 აგვისტოს, თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, 161-ე სკოლის ბაზაზე საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ დაარსდა.

16 წლის თავზე, „საბურთალომ“, ჭაბუკთა შორის შიდა თუ ევროსარბიელზე წარჩინებულად რომ გამოდიოდა, საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. სამ წელიწადში თბილისური გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

9 ივლისს, „საბურთალო“ მოლდოვაში ჩაფრინდა და ტირასპოლის “შერიფთან” სათამაშოდ გაემზადა. მეორე დღეს ამ ქართული კლუბის საევროსარბიელო დებიუტი შედგა და თანაც რა დებიუტი…

გამოცდილ „შერიფთან,“ რომელმაც შარშან ქუთაისის „ტორპედო“ დაგვიჩაგრა და 5-ჯერ ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშა, „საბურთალო“ ფავორიტის რანგში წარმოჩინდა.

ჩვენებურებმა მეტოქეს რეტი დაასხეს, პირველი ტაიმი როლოვიჩის გოლით ხომ მოუგეს და მეორე ნახევარში იმდენად უშანსოდ დატოვეს, მათსავე მოედანზე კარშიც კი არ დაარტყმევინეს. „საბურთალოს“ საოცარი 5-წუთიანი მონაკვეთი მეორე ტაიმის შუაში დაუდგა, როცა ჯერ გიორგი კოხრეიძემ გაისროლა, მერე კი ლევან კაკუბავას თავური და 3:0 იყო.

რომელი იყო მოედანზე „შერიფი“ და ვინ დებიუტანტი, ეს მატჩის ჩანაწერში კარგად ჩანს, „საბურთალო“ კი ცალი თვალით შემდეგ ეტაპს გასცქერის. წინ თბილისური მატჩია, 16 ივლისს. ჩემპიონს მოდუნები სუფლება არ აქვს, თუმც უკვე მომავალზე ფიქრიც შეგვიძლია, სადაც „საბურთალოს“ ძლევამოსილი ზაგრების „დინამო“ ელოდება…

დღეს საქმეში კიდევ 3 ქართული გუნდი ჩაერთვება – თბილისის „დინამო“, საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგაში გამოსვლას დაიწყებენ, ეგებ „საბურთალოს“ მუხტმა ჯაჭვური რეაქცია ჰპოვოს.