ბრაზილიის ნაკრებმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ დიდი ტიტული მოიგო.

ისტორიაში მეცხრედ, „სელესაომ“ წარმატებას „კოპა ამერიკაზე“ მიაღწია, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე.

პერუსთან ფინალურ შეხვედრაში 3:1 გამარჯვების შედეგად, ბრაზილიამ საკუთარი მიღწევა ხელუხლებელი დატოვა და იმ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა, სამშობლოში ჩატარებული სამხრეთ ამერიკის ყველა ჩემპიონატი რომ მოუგიათ, თანაც მეხუთედ.

პერუელებს პირველი ბურთი ევერტონმა შეუგდო, მან გაბრიელ ჟეზუსის პასით ისარგებლა. „სიტის“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა ტაიმის მიწურულს თავისი გოლიც გაიტანა და ზედიზედ მეორე გოლს+პასიანი მატჩი ჩაატარა.

ჟეზუსმა არც ეს იკმარა და თავი ფინალში გაძევებითაც დაგვამახსოვრა – 70-ე წუთზე 22 წლის ფორვარდს უკვე ორი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ცენტრ-ფორვარდის გარეშე დარჩენილი გუნდი ტიტემ რიჩარლისონით გააძლიერა, თავისი გოლი ბოლო წუთზე, 11-მეტრიანის ნიშნულიდან მანაც გაიტანა და ბრაზილიის მოგება უეჭველი გახადა.

პერუმ ერთი ბურთი პირველი ტაიმის ბოლოს გაქვითა. პაოლო გერერომ პირველი ნახევარის ბოლოს პენალტი გოლად აქცია.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დანი ალვეშს ერგო. 36 წლის განაპირა მცველმა დასრულებულ ტურნირზე იფრინა და უნეიმარო ნაკრების ლიდერად მოგვევლინა. მან ხომ კარიერაში მე-40 ტიტული მოიგო და ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.