ისტორიაში პირველად „ტორონტო“ გააჩემპიონა. ლეგენდებს გვერდით დაუდგა და იმ დიადებს შეუერთდა, ფინალების MVP-ის წოდება ორ სხვადსხვა გუნდში რომ მოიპოვეს. ორი საჩემპიონო ბეჭედი „სან ანტონიოსა“ და „ტორონტოში“ და ყველაზე მოთხოვნადი კალათბურთელი NBA-ში. ეს კავაი ლეონარდი გახლავთ.

ის თავისუფალი აგენტია. კანადელები მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობენ, ლოს ანჯელესურ გუნდებს კი ვერ აჩერებენ, „კლიპერსი“ და „ლეიკერსი“ ამ ვარსკვლავის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს რა ხერხებით აღარ ებრძვიან… ლოს ანჯელესი იქით იყოს და 28 წლის მსუბუქ ფორვარდზე ნადირობაში „გოლდენ სტეიტი“ და „ბოსტონიც“ ჩაერთვნენ.

თავად კავაი მოლაპარაკებებით უფროა დაინტერესებული, ვიდრე ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან გულღია საუბრით. ლეონარდი მოკრძალებულ კომენტარს აკეთებს:

„ცოტაც მადროვეთ, არაფერი გადამიწყვეტია, ყველაფერს მალე შეიტყობთ“.