ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის პროცესშიაო, თქვა მისმა აგენტმა მინო რაიოლამ. ეს „წასვლის პროცესი” კი „რეალის” აქტიურობის ფონზე მიმდინარეობს.

ინგლისური „ექსპრესი” წერს, რომ 2016 წელს „იუვენტუსიდან” „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნების შემდეგ, პოგბა წვალობს და ლაზათიანად ვერ ათამაშებულა. დადის ხმა, რომ „ბებერი ქალბატონი” მსოფლიოს ჩემპიონის კვლავ გადაბირებაზე არ იტყოდა უარს, მაგრამ ვაჭრობაში ტურინელებზე მეტად თურმე „რეალი” აქტიურობს. და რაიოლაც ადასტურებს, რომ ფრანგი მოუთმენლად ელოდება საკითხის გადაწყვეტას.

„ყველამ იცის, რა უნდა პოლს, — თქვა სუპერაგენტმა „ტაიმსთან” ინტერვიუში, — მითუმეტეს, ყველამ ყველაფერი კარგად იცის „მანჩესტერ იუნაიტედში”.

„მანჩესტერ იუნაიტედი” გასულ სეზონში პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზე გავიდა, რაც პოგბას ბუნებრივია არ მოსწონს და ისეთ გუნდში უნდა გაქცევა, სადაც ტიტულებს მოიგებს.

„რეალი” პოგბას იმითაც ხიბლავს, რომ იქ მწვრთნელად მისი თანამემამულე, ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავი ზინედინ ზიდანი მუშაობს, მაგრამ „სანის” აზრით ტრანსფერს შეიძლება დაბრკოლება შეექმნას — „მანჩესტერ იუნაიტედი” 150 მილიონ გირვანქას ითხოვს, „რეალმა” კი, რამდენადაც ცნობილია, მისთვის სატრანსფეროდ გამოყოფილი 300 მილიონი უკვე დახარჯა. მადრიდელებმა შეიძინეს ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, ედერ მილიტაო, ფერლანდ მენდი და როდრიგო.

არის კიდევ ერთი კლუბი, რომელიც პოგბას სიამოვნებით შეიძენდა. ეს გახლავთ „პარი სენ ჟერმენი”. იქ გადასვლის შემთხვევაში ფეხბურთელი მთლად მშობლიურ ქალაქში დაბრუნდებოდა, მაგრამ ამბობენ, რომ პარიზელები ნეიმარის ამბის მოგვარებას ელიან. მაინც დაჟინებით დადის ჭორი, რომ ბრაზილიელს „ბარსელონა” ექაჩება თავისკენ.

პოლ პოგბა მიმდინარე კვირას ნიუ იორკში იყო, სელფ-პრომოუშენს ეწეოდა. მას, საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებული სამი თამაშის გამო, „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ერთი კვირით მეტი დასვენების უფლება მისცა, მაგრამ კვირას ის გუნდთან ერთად უნდა იყოს და სეზონისწინა შეკრებაზე ავსტრალიაში გაემგზავროს.