დასრულდა კიდევ ერთი ლამაზი ეპოქა. საქართველოში, ნაცრისფერ ოთხმოცდაათიანებში და შემდეგ წლებშიც ის უამრავი ბავშვის, მოზარდის თუ ზრდასრული ქომაგის კერპი იყო – არიენ რობენი ფეხბურთიდან წავიდა.
35 წლის რობენმა კარიერის უმნიშვნელოვანესი პერიოდი მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა. მიუნხენურ გრანდთან ერთად 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო რეკორდმაისტერის რიგებში ვერცხლის სასალათე 8-ჯერ აღმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნში“ ყოფნის 10 წლის მანძილზე მან ბუნდესლიგა მხოლოდ ორჯერ ვერ მოიგო.
იყო მითქმა-მოთქმა, რომ არიენ რობენი კარიერის მიწურულს ბურთს სამშობლოში გააგორებდა ან აშშ-ში გადაბარგდებოდა, როგორც ამას სხვა ვარსკვლავები აკეთებენ, მაგრამ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.
„ბოლო პერიოდში ბევრს ვფიქრობდი და ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე. არ დაგიმალავთ, გული და გონება ერთმანეთს დაუპირისპირდა და საბოლოოდ ეს არჩევანი გავაკეთე. ფეხბურთის სიყვარული გარწმუნებს, რომ მსოფლიოსთან გამკლავება კვლავ შეგიძლია, მაგრამ ამავდროულად ათვითცნობიერებ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გინდა. ხვდები, რომ 16 წლის ბიჭი აღარ ხარ,“ – თქვა რობენმა და ხელი დაგვიქნია.