ფრენკ ლემპარდს „ჩელსის” გულშემატკივრის წინაშე რა წარდგენა სჭირდება, მაგრამ გუნდის ახალი მწვრთნელის რანგში წარდგენა მაინც სხვაა. ინგლისური პრესა წერს, რომ 41 წლის ლეგენდამ დასავლეთლონდონელებთან სამწლიან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და დაახლოებით 48 საათში ეს ამბავი ოფიციალურად გამოცხადდება.

48 საათში იმიტომ, რომ გუნდი პარასკევს ვარჯიშს უნდა შეუდგეს და ცხადია, მწვრთნელი ადგილზე სჭირდება.

ლემპარდის ჯამაგირი „სტემფორდ ბრიჯზე” წელიწადში 4 მილიონი გირვანქა იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ გუნდი მომდევნო სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს დაიკავებს, ბონუსის სახით მილიონსაც მიიღებს. ცხადია, კონტრაქტში სხვა წახალისებებიც არის გათვალისწინებული.

ამრიგად „ლურჯების” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის ამბავი გარკვეულია, თუმცა „დერბი ქაუნთიში” მისი დამხმარის, მეკარეთა მწვრთნელის შეი გივენის საკითხი ჯერაც მოუგვარებელი რჩება. ირლანდიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი შეიძლება „დერბიში” დარჩეს.

სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ „ჩელსი” „დერბიდან” ლემპარდთან ერთად მის ასისტენტებს, ჯოდი მორისსა და კრის ჯონსსაც გადაიბირებს. მორისი 1996-2003 დასავლეთლონდონელთა ნახევარმცველი გახლდათ.

ამრიგად, ლემპარდი „დერბი ქაუნთიდან” მოდის, რაც ჩემპიონშიფის კლუბს არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა აღარ დარჩა და მწვრთნელი ორშაბათს, ახალი სეზონის პირველი ვარჯიშიდან გაათავისუფლა კიდეც, რათა ის ლონდონში მოლაპარაკებებზე ჩასულიყო და ბოლოს და ბოლოს გაერკვია მიდიოდა თუ რჩებოდა. ამ საკითხის დროულად გადაწყვეტას მისთვისაც ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ახალი თავკაცი ჰყავს საშოვნელი.

„დერბი ქაუნთი” ლემპარდს ჰოლანდიელი ფილიპ კოკუთი, დარენ მურით ან ესპანელი აიტორ კარანკათი  შეცვლის.

და კიდევ, ხორვატი მატეო კოვაჩიჩი, რომელიც აქამდე „ლურჯებს” „რეალიდან” იჯარით ჰყავდათ, ამიერიდან მათი ფეხბურთელია.

მატეო კოვაჩიჩი