კოპა ამერიკა დასკვნით ფაზაშია. მალე ფინალისტები გაირკვევა, რაც ვეჭვობთ, დიდად ანაღვლებდეს კოლუმბიელ გულშემატკივარს. მათი ნაკრები ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, არადა კოლუმბიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ძალიან დამაჯერებლად გაიარა და სამივე მატჩი მოიგო.
კოლუმბიელებმა, სასტარტო მატჩში არგენტინის წინააღმდეგ ლამაზი და გააზრებული ფეხბურთი ითამაშეს, 2:0 იმარჯვეს და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსიც მიიღეს.
მეოთხედფინალში კარლოს კეირუშის გუნდი ჩილეს შეხვდა და პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა. ერთადერთი თერთმეტმეტრიანი უილიამ ტესილიომ გააფუჭა, რომელსაც მას შემდეგ სიკვდილით ემუქრებიან.
ასეთი რამ კოლუმბიაში არახალი ამბავია. ფეხბურთი ადგილობრივებს სიგიჟემდე უყვართ, ნამდვილი ფანატები არიან, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალურადაც სრულდება.
ყველასთვის კარგად ცნობილია 1994 წლის სისხლიანი ისტორია, რომელიც ბარში ანდრეს ესკობარის მკვლელობით დასრულდა.
„იმ მუქარიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი ჩვენზე ახდენენ, ლოცვის გარდა არაფერი დაგვრჩენია. უნდა გავიაზროთ, რომ ხან მოიგებ, ხან წააგებ. ეს ფეხბურთია. გამიკვირდა, როდესაც ის პენალტის შესასრულებლად წავიდა. ბოლო, მე-5 დარტყმის შესრულება არავის სურდა და მან ეს თავის თავზე აიღო, თუმცა ვერ გაიტანა,“ – ამბობს ტესილიოს მამა.