იტალიის ქალაქ უდინეში ესპანელმა 21-წლამდელებმა გერმანელ თანატოლებს 2:1 მოუგეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ეს „ლა როხიტას” მხრიდან შურისძიება გახლდათ, ვინაიდან ორი წლის წინანდელ ფინალში გერმანელებმა იმარჯვეს.
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა პირველივე წუთებიდან იყოჩაღა, ბურთს ფლობდა და მწვავედ უტევდა.
ანგარიში ფაბიან რუისმა შორეული დარტყმით გახსნა. ესპანელებმა გერმანელები სწრაფ კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, დაცვა და ნახევარდაცვა გახლიჩეს, მეტოქის საჯარიმოს სამი სამზე მიუახლოვდნენ და რადგან შორს მდგომი მცველები დარტყმაში ხელს ვერ შეუშლიდნენ, რუისმა გადაწყვიტა დარტყმის სიძლიერესა და სიზუსტეს დაყრდნობოდა. მართალიც გამოდგა.
ასეთი სტარტის მიუხედავად, გერმანელი ახალგაზრდები გონს მოეგენ და ესპანეთის დაცვას პრობლემები შეუქმნეს.
ერთ ეპიზოდში „რეალის” ფეხბურთელი ხესუს ვალეხო „ფრაიბურგის” ფეხბურთელ ლუკა ვალდშმიდტს ეუხეშა და მოედნიდან გაგდებას რომ გადარჩა მსაჯებს უნდა უმადლოდეს. ეპიზოდი ვიდეორეფერიმაც გაარჩია, მაგრამ ვალეხოს გაძევებაზე მანაც უარი თქვა.
მეორე ტაიმი გერმანელებმა მძლავრად დაიწყეს. „ალავესის” მეკარეს, ანტონიო სივერას თავისი ყოჩაღობის დადასტურება მოუხდა.
და მაინც, შეხვედრის მეორე გოლი ისევ ესპანელებმა შეაგდეს. „ნაპოლის” ნახევარმცველის მორიგი შორეული დარტყმა გერმანიის მეკარემ ალექსანდერ ნუბელმა პირდაპირ დანი ოლმოს ფეხებთან მოიგერია, ზაგრების „დინამოს” მოთამაშემ კი ბურთი ოსტატურად გადაუგდო თავზე.
ამის შემდეგ, კარლოს სოლერს მესამე გოლის გატანა შეეძლო. მისდა სამწუხაროდ, ბურთი ხარიხას მოხვდა.
88-ე წუთზე კი გერმანელმა ახალგაზრდებმა სხვაობა შეამცირეს: ჰოფენჰაიმელი ნადიემ ამირის შორეული დარტყმული ვალეხოს თავში მოხვდა და რიკოშეტით კარში ლამაზად შევარდა.
შტეფან კუნცის გუნდი დარჩენილ დროში გათანაბრებას შეეცადა, მაგრამ ესპანელებმა ამის საშუალება არ მისცეს და „ლა როხიტა” მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი.