ვაკო ყაზაიშვილს აიწყვიტა. ვეღარც ზლატანი და ვერც სხვები ვერ აჩერებენ. ჩანს, ქართველ შემტევს ნაკრებს მიღმა დარჩენა მოუხდა. დამატებითმა მოტივაციამ „სან ხოსეს“ მე-11 ნომერი უფრო შემართული და მიზასწრაფული გახადა – კალიფორნიელთა ბოლო რვა გოლიდან 7-ში წვლილი შეიტანა. ვაკომ მიჯრით ოთხ მატჩში ხომ გაიტანა, სულ 6 ბურთი შეაგდო და გუნდს სამი შეხვედრა მოაგებინა, ბოლოს კი ლამაზი პასით თანაგუნდელსაც გაატანინა.

მორიგი ბენეფისი ყაზაიშვილს 30 ივნისს ჰქონდა. „ლოს ანჯელეს გალაქისსთან“ ვაკომ ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა, მერე კი თანაგუნდელს საგოლედ უპასა. იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, მატჩისა, რომლის მოგებითაც (3:0) „სან ხოსე“ დასავლეთში მეხუთე ადგილამდე აღზევდა. ვთქვათ ისიც, რომ იბრას გუნდის წინააღმდეგ ვაკოს მსგავსად სრულად გურამ კაშიამაც ითამაშა. ნაკრების ვიცე-კაპიტანი გვარიანად გაისარჯა და ვეტერან შვედს ტოლ-სწორად ეჭიდავა.