არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ნახევარფინალშია. ალბისელესტემ ვენესუელას 2:0 მოუგო და ფინალში გასასვლელად ბრაზილიას დაუპირისპირდება – გულშემატკივარი სუპერმატჩის მოლოდინშია.
არგენტინისგან ვენესუელას დამარცხება დიდად არ უნდა გაგვკვირვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბოლო პერიოდში კრიზისია და ტურნირიც კოლუმბიასთან მარცხით დაიწყეს, წყვილის ფავორიტად უსათუოდ სკალონის გაწრთვნილები მიიჩნეოდნენ.
მოკლედ, არგენტინამ მოიგო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება სხვა ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ. ლიონელ მესიმ იმღერა. რა თქმა უნდა ლას სკალას სცენაზე არიების შესრულებას არ ვგულისხმობთ, ეროვნული ჰიმნი იმღერა.
გაგიკვირდათ? ეროვნული ნაკრების ჰიმნი ვის არ უმღერია, მაგრამ ამას მესი არასოდეს აკეთებდა. მას, ალბისელესტეს შემადგენლობაში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა და ჰიმნზე ყოველთვის ჩუმად იყო. მეტიც, მან 2015 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ არგენტინის ჰიმნი არ უმღერია და ამის გაკეთებაც არც მომავალში აპირებდა. ვენესუელასთან მატჩის წინ კი არგენტინელი სუპერვარსკვლავი ეროვნულ გრძნობებს ვეღარ მოერია და თანაგუნდელებს ჰიმნის შესრულებაში აჰყვა.
ისე, სანაკრებო მატჩების წინ ჰიმნის დაგუგუნების ამბავში მესი რომ კრიშტიანუს ჩრდილშია, საკამათოც არ უნდა იყოს…