ზაფხულის მთავარი საფეხბურთო ციებ-ცხელება სამხრეთ ამერიკაშია. ცხელი წერტილი კი ბრაზილია, სადაც კოპა ამერიკა გახურებულა.
ამის ფონზე, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საფრანგეთში მიმდინარეობს ოდნავ კი დაიჩრდილა, მაგრამ დროდადრო ყურადღების ცენტრში მანდილოსანი მობურთალებიც ექცევიან.
მეგან რაპინო აშშ-ს ქალთა ნაკრების ფეხბურთელია, ვიცე-კაპიტანი, რომელმაც მერვედფინალში ესპანეთს დუბლი შეუსრულა და თავისიანები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. ოკეანისგაღმელებმა 2:1 იმარჯვეს, ხოლო რაპინომ ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
33 წლის ამერიკელმა ფეხბურთელმა კი მედიის და გულშემატკივართა ყურადღება არა მოედანზე კარგი თამაშის, არამედ დონალდ ტრამპის და თეთრი სახლის გაკრიტიკების გამო მიიპყრო.
„მე არ წავალ დაწყევლილ თეთრ სახლში. დიახ, იქ ჩემი ფეხი არ იქნება, თუმცა მგონი ჩვენს თეთრ სახლში მიწვევას მაინც არავინ აპირებს,“ – თქვა რაპინომ. მან არც შეერთებული შტატების პრეზიდენტიც არ დაინდო და მას სექსისტი და რასისტი უწოდა. „ვფიქრობ ის ცუდი ადამიანია,“ – დაამატა მან.
დონალდ ტრამპმა კი რაპინოს შემოტევას სოცქსელის საშუალებით უპასუხა: „ნბა-ს ჩემპიონების გარდა, თეთრ სახლში მოსვლა სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებსაც მოსწონთ. მე, ქალთა ფეხბურთის და რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების დიდი ქომაგი ვარ, მაგრამ მეგან, შეგახსენებ, რომ საამისოდ ჯერ ჩემპიონობაა საჭირო. ჯერ მოიგეთ და მერე ილაპარაკეთ,“ – ვკითხულობთ ტრამპის ტვიტერ-გვერდზე. ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი სამჯერ გამხდარა. მიმდინარე მონდიალზე კი მეოთხედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.