ვილსონ ხამეს როდრიგეს ბედოია კოლუმბიის ნაკრების ვარსკვლავის ხამეს როდრიგესის მამა გახლავთ. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი ვაჟისთვის საუკეთესო გამოსავალი „ნაპოლიში” გადასვლაა.
თითქოს, „ნაპოლი” რა შუაშია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ იტალიურ კლუბს კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში. ანჩელოტი კი ის სპეციალისტია, რომელმაც ხამესი 2014 წელს „რეალში” მიიყვანა, ხოლო შემდეგ, 2017 წელს იჯარით „ბაიერნში” მიიწვია. ერთი სიტყვით, სადაც გადადიოდა, კოლუმბიელიც თან მიჰყავდა.
CalcioNapoli24-თან საუბრისას მამა ხამესმა თქვა: „ჩემი შვილი ანჩელოტის თავიდანვე დიდ პატივს სცემდა. მას კარგად ესმის, რამხელა საქმე გაუკეთა იტალიელმა და ხვდება, რომ მის ხელში ყოველთვის უკეთ თამაშობს. ხამესს და კარლოს პირველი დღიდან კარგი ურთიერთობა აქვთ. ამასთან, ვფიქრობ, რომ დღეს ჩემი ვაჟის კარიერაში სწორედ ახალი თავის ჩაწერა იქნება უპრიანი. და კიდევ, თუკი ნეაპოლში გადაბარგდება, ხამესი ჩვენს თანამემამულესთან, მეკარე დავიდ ოსპინასთან ერთად ითამაშებს”.
სატრანსფერო ბაზრის მიმომხილველები წერენ, რომ თუკი ამ ზაფხულს როდრიგესი სადმე შეიძლება გადავიდეს, ეს უპირველეს ყოვლისა „ნაპოლი” იქნება.
ფეხბურთელს „ბაიერნთან” ორწლიანი იჯარის ვადა გაუვიდა.
„ამ ეტაპზე „ნაპოლი” საუკეთესო გამოსავალია”, — თქვა ხამეს როდრიგეს უფროსმა.