ფეხბურთის ყურება რომ დაიწყო, კრიშტიანუ რონალდუს მაისურა აჩუქეს.
პირველი საფეხბურთო სიყვარულიც, კუმირიც და მოტივაციაც სწორედ პორტუგალიელი გახლდათ.
ოცნებობდა, გამხდარიყო ისეთივე წარმატებული, როგორიც ლეგენდარული შვიდიანია, ახლა კი მისი თანაგუნდელი ხდება.
მატიას დე ლიხტი „ღმერთის შვილების“ ერთ-ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულია. დიახ, „აიაქსის“ იმ საფეხბურთო სკოლის, რომელიც ფენიქსივით მარადიულად ხელახლა აღდგება ხოლმე და ათ წელიწადში ერთხელ ისეთ გუნდს შეკრავს, წლების განმავლობაში ევროპულ გრანდებს ვარსკვლავებს არ გამოულევს.
დე ლიხტი ჰოლანდიელთა მორიგი ზღაპრის ერთ-ერთი შემქმნელია. წლების შემდეგ, ნიჭიერმა, ამბიციურმა ბიჭებმა ამსტერდამში ჩემპიონობა, თასი და დიდი ევროპული ღამეები მისი კაპიტნობით დააბრუნეს. 19 წლისამ ითამაშა თითქმის ყველა მატჩში, გაუტანა „იუვენტუსს“, „ტოტენჰემს“, მიიწვიეს ნაკრებში და უგოლოდ არც გერმანიის და ინგლისი ნაკრებები გაუშვია.
მიზეზი გიკვირთ?
„გახურებული სეზონი რომ მიდის, ოცნებებისა და ანალიზისთვის არ მცალია. აი, ამ დილით კი, ბავშვობის მეგობრებთან ერთად სასადილოდ რომ დავჯექი, წარსულს გადავხედე. გამახსენეს, ეზოში თამაშისას ყოველთვის გინდოდა კრიშტიანუ რონალდუ გამხდარიყავიო. მისი თამაში აღმაფრთოვანებდა, განსაკუთრებით მანჩესტერში. პირველი მაისურიც რონალდუსი მქონდა. ეს სადილი „იუვენტუსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ იყო…
ჩემპიონთა ლიგაში „ბებერ ქალბატონს“ რომ შევხვდით, მატჩის შემდეგ კრიშტიანუ მოვიდა და „იუვენტუსში“ გადასვლა მთხოვა. პირველად გამეცინა, გაოცებული ვიყავი და ვერ დავიჯერე, არც რამე ვუპასუხე. მერე იყო ერთა ლიგა, პორტუგალიასთან შეხვედრის მერეც იგივე მოხდა. სეზონმა ჩაიარა, ფიქრის და გადაწყვეტილების მიღების დროც მომეცა”,- თქვა დე ლიხტი.
ტურინელები ჰოლანდიელ ტალანტში 150 მილიონ ევროს იხდიან, თაავდ ფეხბურთელს კი წელიწადში 21 მილიონზე შეუთანხმდნენ.
რონალდუ იქით იყოს და 19 წლის ბიჭი ვერც ამ წინადადებაზე იტყვის უარს…