„არსენალმა” კვლავ ვერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლება: ამ საქმეს არც პრემიერლიგის მეხუთე ადგილი ეყო და ევროლიგის ფინალში „ჩელსისთან” 1:4 წაგება მითუმეტეს რას არგებდა.

სატრანსფერო ბაზარზე რაღა ხდება? „მეთოფეებს” ამ ფრონტზეც რთულად აქვთ საქმე. ინგლისური მედია ამბობს, რომ კლუბს ჯიბეში სულ 50 მილიონი გირვანქა აქვს და თუ ზედმეტ ფეხბურთელებს არ გაყიდის, დამატებით თანხებს ვერ მოიპოვებს.

ერთი ასეთი „ზედმეტი” ფეხბურთელი გახლავთ 30 წლის გერმანელი მესუთ იოზილი. მისი გაშვება „არსენალისთვის” სახეირო საქმეა, მაგრამ იოზილთან დაკავშირებით ერთი დიდი პრობლემაც არსებობს — „ემირეითზე” მას წელიწადში 17 მილიონ გირვანქას უხდიან, ამ თანხას კი მისი შეძენის მსურველი კლუბებიდან („გალათასარაი”, „ფენერბაჰჩე” და „ბეშიქთაში”) ვერც ერთი ვერ გადაიხდის.

არადა, „მეთოფეებისთვის” რამხელა დანაზოგი იქნებოდა.

აი, იოზილის კბილა გაბონელი პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაყიდვის საქმე კი უფრო კარგადაა. ობამეიანგი გასულ სეზონში ლივერპულელებთან, მოჰამედ სალაჰთან და სადიო მანესთან ერთად პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სამივემ ერთნაირად 22 გოლი გაიტანა. და არ არის გამორიცხული, რომ „არსენალის” ფორვარდი „მანჩესტერ იუნაიტედმა” იყიდოს. მანჩესტერელებს ხომ რომელუ ლუკაკუ, სავარაუდოდ, „ინტერში” წაუვათ ანუ მისი შემცვლელი სჭირდებათ.

გაბონის ნაკრების კაპიტნის სატრანსფერო თანხა, რასაკვირველია, მოსაფიქრებელი და შესათანხმებელია. მის სანაცვლოდ, ჩრდილოლონდონელებმა, 2018 წლის იანვარში „დორტმუნდს” თავიანთთვის სარეკორდო თანხა 64 მილიონი ევრო გადაუხადეს და სულ რაღაც წელიწადნახევრის შემდეგ, სავარაუდოდ, იაფად არ შეელევიან.