კოპა ამერიკას მასპინძლები რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ გავიდნენ ნახევარფინალში.

პარაგვაი ბრაზილიისთვის ჯადოდ იქცა. ბოლო სამი გათამაშებიდან ორჯერ (2011, 2015) ბრაზილიელები სწორედ მათთან დამარცხდნენ და ორივეჯერ პენალტების სერიაში. 2011 წლის გათამაშება საერთოდაც ისტორიული იყო. პარაგვაი ფინალში ისე გავიდა, ერთი მატჩიც არ მოუგია. ჯგუფიდან სამი ფრით გასულებმა მეოთხედფინალში ბრაზილია, ნახევარფინალში კი ვენესუელა პენალტებით დაამარცხეს. მათი დამარცხება ფინალში ურუგვაიმ შეძლო.

საქმე ამჯერადაც პენალტებამდე მივიდა. არადა, თითქმის 40 წუთი ბრაზილიას რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. პენალტების სერიაში ალისონმა პირველივე დარტყმული მოიგერია, მაგრამ მეოთხე ფირმინომ ვერ გაიტანა. მყისვე ააცილა პარაგვაელთა შტატიანმა პენალტისტმა დარლის გონსალესმა, მასპინძლებს კი ნახევარფინალის საგზური ჟესუსის დარტყმამ მოუტანა.

ლივერპულელი ფირმინო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, კოპაზე კი საკუთარი თავის აჩრდილად იქცა. ტიტემ ფირმინოს თავდასხმის ცენტრი უბოძა და ამის გამო ჟესუსი ფლანგზე გადაისროლა. ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

ასეა თუ ისე, ბრაზილია ნახევარფინალშია და არგენტინას დაელოდება, რომელიც მეოთხედფინალს „მარაკანაზე“ ვენესუელასთან ითამაშებს.

რადგან სტადიონი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ ბრაზილიელთა თავკაცმა ტიტემ „გრემიოს“ მინდვრის საფარს აბსურდულად უხარისხო უწოდა და ეს კადრებშიც კარგად ჩანდა.

ამ ტურნირზე ბრაზილია და არგენტინა ერთმანეთს ჩამოჰგავნან: მათი ვარსკვლავები, რომლებიც საკლუბო დონეზე დაფრინავენ, ნაკრებში მეტისმეტად უსახურად გამოიყურებიან.

დაველოდოთ. წინ კიდევ სამი მეოთხედფინალია: არგენტინა – ვენესუელა, კოლუმბია – ჩილე, ურუგვაი – პერუ. ბრაზილიის მომავალი მეტოქის ვინაობას არგენტინა – ვენესუელა გაარკვევენ