საქართველოს რაგბის კავშირში ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოცხადდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა წინაშე რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი წარსდგნენ.
გოჩა სვანიძე „ნაკრებში 43 მოთამაშეა. ეს გაფართოებული შემადგენლობაა, რომლიდანაც გუნდის ხელმძღვანელობა სამსოფლიოთასოდ 31-ს შეარჩევს. ნაკრებში საუცხოო განწყობაა, ბიჭები ერთ მუშტად, ერთ ოჯახად არიან შეკრულები და აბსოლუტურად მზად არიან ორ თვიანი შეკრებისთვისა და მსოფლიო თასზე საასპარეზოდ. ესაა საუკეთესო კონტინგენტი, რაც კი დღეს შეიძლებოდა შეგვეკრიბა, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ და მომავალს იმედით ვუყურებ“.
მილტონ ჰეიგი „ჩვენს მიერ შერჩეული 43 მორაგბე ამ ეტაპზე საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ჩვენ ეს გუნდი სამ წლიანი დაკვირვების შედეგად შევარჩიეთ. სწორედ 2016 წელს ჩამოვაყალიბეთ წლევანდელი მსოფლიო თასისთვის მზადების სტრატეგია, ხოლო სელექციის გადამწყვეტმა ფაზამ ეს ბოლო სამი თვე მოიცვა. შევადგინეთ პროტოკოლი, რომელიც შეიცავდა საგანგებო ტესტებს. თავდაპირველად შერჩეულ მორაგბეთაგან 95%-მა ეს ტესტები წარმატებით ჩააბარა. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, ესაა მშვენიერი მორაგბე, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ აღმოჩნდა მზად ხსენებული ტესტირებისთვის და ამით აიხსნება გაფართოებული შემადგენლობის მიღმა მისი დარჩენა. მას, როგორც მორაგბეს, არაფერი დაეწუნება, მაგრამ ჩვენს ნაკრებში ყველაზე დიდი კონკურენცია სწორედ მის ამპლუაშია – მარცხენა ბურჯის პოზიციაზე. თუმცა, თუ კი გაფართოებული სიის რომელიმე წევრმა ტრავმა მიიღო ზურა ჟვანიას მისი ჩანაცვლების შანსი ექნება“.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს საქართველოს ნაკრები „მიხეილ მესხზე“ საერთაშორისო ტესტ-მატჩში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს. 31-ში კი „დინამო არენაზე“ დიდი რაგბი გველის: ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, ჩვენს ქვეყანას ტიერ 1-ის წარმომადგენელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ეწვევა – შოტლანდიის ეროვნული გუნდი. ხოლო 6 სექტემბერს ჩვენები იგივე სქოთებს უკვე სტუმრად, ედინბურგის „მარიფილდზე“ დაუდგებიან. მსოფლიო თასზე კი ჩვენი ნაკრების გამოსვლა 23 სექტემბერს უელსის ნაკრებთან ჯახით დაიწყება, 29-ში ურუგვაისთან შეხვედრით გაგრძელდება, შემდეგ, 3 ოქტომბერს ფიჯის ჯერია, ხოლო 11 ოქტომბერს ჯგუფურ ეტაპს ავსტრალიელებთან დაპირისპირებით დავასრულებთ.
აქვე გთავაზობთ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ, 43 კაციან შემადგენლობას, რომლიდანაც საბოლოოდ 31 მორაგბე შეირჩევა (17 მორკინალი და 14 უკანახაზელი). ისინი იაპონიაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ: