აფრიკული ემოციებით აღსავსე გამოდგა ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა ინგლისისა და კამერუნის ნაკრებებს შორის, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ვალენსიენის „სტად დუ ენოზე” გაიმართა. ინგლისმა მოიგო 3:0, მაგრამ მეორე გოლმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

პირველი გოლი კამერუნელმა გოგოებმა თავიანთი დაუფიქრებლობით გაუშვეს — მცველის დაგორებული ბურთი მეკარემ სიჩქარეში ხელით დაიჭირა. შესაბამისად, დაინიშნა თავისუფალი. მთელი კამერუნის გუნდი კარის ხაზზე დადგა, მაგრამ სტეფანი ჰაფტონის დარტყმასთან ვერაფერი გააწყო. მეორე გოლის დროს კი იშვიათი არაფერი მომხდარა — ლუსია ბრონზის პასი ელენ ვაითმა შეირგო, გოლი შეაგდო, ოღონდ აფრიკელებმა ჩათვალეს, რომ მათ მიერ უმეთვალყურეოდ დატოვებული ვაითი თამაშს გარეთ იდგა.

უხმეს ვიდეორეფერის, რომელმაც განსაჯა, რომ გოლი წესების დაცვით გავიდა. ამაზე კამერუნის ნაკრების მოთამაშეები გადაირივნენ, ცენტრში შექუჩდნენ და მოედნის დატოვებას აპირებდნენ.

კარგა ხნის შემდეგ, კამერუნმა პროტესტი შეწყვიტა და შეხვედრა განახლდა, მაგრამ… ამასობაში ვიღაც კამერუნელთა ცოდვით სავსემ სტადიონის ტაბლოზე ეპიზოდი თეთრი ხაზის გავლებით გაიმეორა და მდგომარეობა თავიდან აირია.

და გეგონება პირველი ტაიმის ვნებათაღელვა არ ეყოფოდაო, მეორე ტაიმში ვიდეორეფერიმ ახალი „ანტიკამერუნული” გადაწყვეტილება მიიღო: გოლი არ ჩაუთვალა. სანამ აჯარა ნჩუტი დარტყმას ამზადებდა გაბრიელე ონგუენე თამაშს გარეთ იდგაო.

„მოუთვინიერებელი ძუ ლომების” დაწყნარება კამერუნის ნაკრების თავკაც ალან ჯეუმფას მოუწია.

BBC-ს ორთავ სქესის ექსპერტებმა ტელეტრანსლაციის დროს ელენ ვაითის გოლი განიხილეს და ერთხმად დაასკვნეს, რომ ვიდეორეფერიმ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო კამერუნელებს ეკრანისთვის მშვიდად რომ შეეხედათ ყველაფერში თავად დარწმუნდებოდნენ.

ინგლისი მეოთხედფინალში ნორვეგიას ხვდება.