დანი ალვეშმა „პარი სენ ჟერმენი” დატოვა და თურმე „ბარსელონაში” დაბრუნებაზე ოცნებობს. თავის მხრივ, „ბარსა” 36 წლის ბრაზილიელის მიღებას არც კი განიხილავს.

კატალონიურ ენაზე მაუწყებელი კერძო რადიოსადგური RAC 1 ამბობს, რომ ალვეში უკვე მთელი თვეა „კამ ნოუს” კაბინეტებში რეკავს და ესპანეთის ჩემპიონს თავს სთავაზობს.

„ბლაუგრანას” მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ალვეშის პოზიციაზე ორი მოთამაშე ჰყავს — ადგილობრივი სერხი რობერტო და პორტუგალიელი ნელსონ სემედუ. რამდენადაც ცნობილია, სემედუ ცდილობს სადმე გადავიდეს, რადგან სურს მოედანზე მეტი დრო დაჰყოს. პასუხად, „ბარსელონამ” ფეხბურთელსა და მის აგენტ ჟორჟი მენდისს მკაფიოდ განუცხადა, რომ 25 წლის ლისაბონელს სხვაგან გადასვლის ნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ მასში 100 მილიონ ევროს გადაიხდიან.

რაც შეეხება ალვეშს, თუნდაც სემედუმ 100 მილიონის გადამხდელი კლუბი იშოვნოს, მას „კამპ ნოუზე” მაინც არ დააბრუნებენ. მიზეზი: ცხადია, ასაკი და კიდევ… 2016 წელს, როდესაც ბრაზილიელი „ბარსელონადან” „იუვენტუსში” გადავიდა, მან თავის ყოფილ შეფებზე ცუდად ილაპარაკა.

დანი ალვეშმა „ბარსას” შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.