პოლ პოგბას თანაგუნდელებს სწამთ, რომ თუ ფრანგი „ოლდ ტრეფორდიდან” წავა, ეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” კარგი იქნება. ცნობილია, რომ ერთი ხნის წინ თავად ნახევარმცველმაც თქვა, კარიერაში სიახლე მჭირდებაო. მსოფლიოს ჩემპიონით „რეალი” და „იუვენტუსი” იყვნენ დაინტერესებული.

ამასობაში „იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს პოგბას მანჩესტერში დარჩენა სურს. კლუბს მასში 89 მილიონი გირვანქა აქვს გადახდილი, მაგრამ ფულში არ არის საქმე. ვუდვორდს მიაჩნია, რომ ფრანგი მეტად სარფიანადაც რომ გაიყიდოს, მისი წასვლა ახალი „იუნაიტედის” აღმშენებლობისთვის ძალიან ცუდი იქნება.

„სანმა” შეიტყო, რომ ვუდვორდმა გამოძებნა სახსრები და მზად არის „იუვენტუსის” ყოფილ მოთამაშეს კვირაში 500 000 გირვანქა დაუნიშნოს.

მაგრამ, ვუდვორდისგან განსხვავებით, თანაგუდელებს ფრანგთან ყოველდღიური კავშირი აქვთ და კარგად იციან, რომ მას გაქცევის სურვილი ყოველდღიურად უძლიერდება.

ისინი პოგბაზე ამბობენ, მართალია, 26 წლის მოთამაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ „ოლდ ტრეფორდზე” მის უკმაყოფილო სახით ყოფნას არანაირი აზრი არ აქვსო.

აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს პოლ პოგბასთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ის გუნდში მიღებული ფიგურაა, მაგრამ ბიჭების დიდ ნაწილს მაინც მიაჩნია, რომ საქმისთვის ფრანგის წასვლა აჯობებს.

პოგბას ხომ თვალი გაქცევაზე უჭირავს, ზოგი მოთამაშე კი, მაგალითად ლუკ შოუ და სკოტ მაკტომინეი, უკვე ვარჯიშობენ, რომ 1 ივლისს, სეზონისწინა შეკრებას ფორმაში დახვდნენ.

„იუნაიტედის” მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უსამართლოდ განაწილებული ხელფასებითა და დისციპლინის ნაკლებობით გახლეჩილი გუნდი ძველებურად შეიკრას და ტიტულებისთვის იბრძოლოს.