„მანჩესტერ იუნაიტედმა” მეკარე დავიდ დე ხეასთან მოლაპარაკებები განაახლა. „ოლდ ტრეფორდზე” სწამთ, რომ მასთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
აგერ უკვე ერთი წელიწადია კლუბი ესპანელს კვირაში 300 000 გირვანქას სთავაზობს, ის კი ჭირვეულობს, 350 000 მინდაო. და როგორც ჩანს, „იუნაიტედმა” სახსრები გამონახა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დე ხეას ხელფასი ჯერჯერობით კვირაში 200 000 გირვანქაა, გოლკიპერს შემოსავლის სერიოზული მატება ელის, მაგრამ ეს ალექსის სანჩესის ჯამაგირზე, კვირაში 505 000-ზე გაცილებით ნაკლები რომ არის, ესეც ფაქტია.
ინგლისური პრესა წერს, რომ კლუბის წინადადება ოთხწლიანია, რომელიც კონტრაქტის მეხუთე წლით გაგრძელებასაც იმსახურებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლო ექვსი სეზონის წლის საუკეთესო ფეხბურთელს კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება გაისად ივნისში ეწურება, თუმცა, როგორც ამბობენ, მას უკვე გაუჩნდება მანჩესტერში დარჩენის სურვილი.
თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ დე ხეამ შეიძლება მაინც არ იჩქაროს დასუსტებულ გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. არ არის გამორიცხული ესპანელმა ჯერ შეხედოს, ვის იყიდის კლუბი სატრანსფერო ბაზარზე და იმის მიხედვით გადაწყვიტოს ღირს „ოლდ ტრეფორდზე” დარჩენა თუ არა.
ბევრისთვის დე ხეა, რომელიც დღეს 28 წლის არის, ერთი ხნის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იყო, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულმა წლებმა მას ტიტულები ვერ დაუხვავა — ერთადერთხელ იყო პრემიერლიგის ჩემპიონი და ისიც 2012-13 წლებში, სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო სეზონში.
შარშან, ზაფხულში, რუსეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, დე ხეამ ცუდად ითამაშა, რამაც მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა და „იუნაიტედში” დაბრუნებულმა უკვე პრემიერლიგის მატჩებში დაუშვა მისთვის უჩვეულო შეცდომები.
ამ შეცდომების გამო „რეალმა” და „პარი სენ ჟერმემა” მისი ყიდვა აღარ მოინდომეს.