„სანი” ექსკლუზიურად წერს, რომ ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ „ინტერთან” საერთო ენა გამონახა — ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „სან სიროზე” გადავა და კვირაში 180 000 გირვანქის შესაბამის ევროებს მიიღებს. რამდენადაც ცნობილია, სატრანსფერო თანხა 75 მილიონ გირვანქას უდრის.
კიდევ, ინგლისურმა გამოცემამ გაავრცელა ცნობა, რომ „იუნაიტედის” თავკაც ოლე გუნარ სულშერს „ბორნმუთიდან” გამთამაშებლის დევიდ ბრუკსის ყიდვა უნდა. ამ შემთხვევაში სატრანსფერო თანხა 50 მილიონს უდრის. დევიდ ბრუკსი 21 წლის უელსელია.
26 წლის ლუკაკუმ კი სულშერის ხელში „მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითადში ადგილი დაკარგა და გადაწყვიტა თავს უშველოს. მასა და „ინტერს” შორის ყველაფერი მოგვარებული ყოფილა. ახლა კლუბებმა უნდა დაალაგონ ბელგიელის ტრანსფერის საკითხი.
ხელფასის თვალსაზრისით ლუკაკუ არაფერს კარგავს — „ოლდ ტრეფორდზე” რომ დარჩენილიყო, იგივეს მიიღებდა. მართალია, გასულ სეზონში კვირაში 225 ათას გირვანქას უხდიდნენ, მაგრამ ვინაიდან „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩაფლავდა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა, კლუბს მისი ჯამაგირის შემცირებას 45 ათასით აპირებდა.
ლუკაკუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა გაახარებს ბელგიის ნაკრების მწვრთნელს რობერტო მარტინესს, რომელიც სულ იმეორებდა, რომ თავდამსხმელმა მისი შესაფერისი კლუბი უნდა შეარჩიოს.
„სანი” წერს, რომ „ინტერი” საქმის საბოლოოდ გასაკვაჭად თავბრუდამხვევ სატრანსფერო კარუსელს ელის. კერძოდ: წესით, ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოდან” „ბარსელონაში” უნდა გადავიდეს. თუ ასე მოხდება, მაშინ „იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავი პაოლო დიბალა მადრიდში გრიზმანის ადგილს დაიკავებს. ამ შემთხვევაში მაურო იკარდი „ინტერიდან” „იუვენტუსში” დიბალას ადგილის შესავსებად გადაბარგდება და ასე გათავისუფლდება „ინტერში” ადგილი ლუკაკუსთვის.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ეს კარუსელი არ დატრიალდება, არ წერია.
ამასობაში, სულშერი „ბორნმუთიდან” დევიდ ბრუკსის ყიდვას აპირებს. აქ პრობლემა ის არის, რომ „ბორნმუთს” თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა არ უნდა და იმის იმედით, რომ სულშერი უკან დაიხევს, უელსელში 50 მილიონს ითხოვს.
ბრუკსი ბავშვობიდან „მანჩესტერ იუბაიტედის” ფანი ყოფილა, ოღონდ თინეიჯერობისას, თურმე „სიტის” უნდოდა მისი ყიდვა.
უელსელის შეძენაზე არც „ტოტენჰემი” იტყოდა უარს.
დევიდ ბრუკსი „ბორნმუთმა” „შეფილდ იუნაიტედისგან” შარშან იყიდა, 11,5 მილიონი გადაიხადა და ფეხბბურთელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბრუქსმა გასულ სეზონში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. მას გამთამაშებლის გარდა, უკან დახეული ნახევარმცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.