საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნეიმარის საჩივარი არ დააკმაყოფილა. „რენთან“ წაგებულ თასის ფინალში პსჟ-ს თავდამსხმელმა გულშემატკივრის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ბრაზილიელმა ორი შეხვედრა უკვე გამოტოვა, მესამე კი ისევ „რენთან“ დაპირისპირება იქნება, ამჯერად სუპერთასზე.
ფინალის შემდეგ ნეიმარი ერთერთმა ქომაგმა გააჩერა და მასთან გასაუბრება სცადა, თუმც 27 წლის ფეხბურთელისგან სახეში სილა მიიღო.
ეს ბრაზილიელი ფორვარდის დასჯის პირველი შემთხვევა არ არის. ნეიმარი სამი მატჩით ევროპული ტურნირებიდანაც მოკვეთილია. პსჟ – „მანჩესტერის“ მეორე მერვედფინალის შემდეგ (1:3, ორი მატჩის ჯამში 3:3), პარიზელთა ვარსკვლავმა მსაჯთა ბრიგადა და VAR-ის სისტემა საჯაროდ გააკრიტიკა.
ვნახოთ, იქნებ ნეიმარისთვის დასჯა-არ დასჯას აზრიც აღარ ჰქონდეს, ჩემპიონთა ლიგას კი ყოფილი გუნდის მაისურით დაბრუნდეს. ამბობენ, ბრაზილიელმა შეიხებთან იწუწუნა, „ბარსაში“ კი მის გამოსასყიდ ფულს ითვლიანო…