კასორლა და მისი მეუღლე ურსულა სანტირსო

„არსენალის” ყოფილმა მოთამაშემ სანტი კასორლამ სერხიო რამოსის ქორწილის შესახებ სახალისოდ ილაპარაკა. გასულ უქმეებზე „რეალის” კაპიტნმა ცოლი მოიყვანა.

კასორლა, მოგეხსენებათ, „ვილიარეალის” ფეხბურთელია. ის შაბათს, სევილიაში, რამოსისა და მისი ოდინდელი თანამეცხედრის პილარ რუბიოს ურთიერთობათა ოფიციალურ გაფორმებას დაესწრო. რამოსსა და რუბიოს სამი ვაჟი ჰყავთ, თუმცა აქამდე ცოლ-ქმარი არ იყვნენ.

რამოსთა ქორწილში, ცხადია, ბევრი ფეხბურთელი იყო დაპატიჟებული. მათ შორის გახლდათ ხსენებული კასორლა, რომელიც „რეალის” კაპიტანს ესპანეთის ნაკრებიდან იცნობს.

ქორწილის შემდეგ, 34 წლის კასორლა ესპანეთის ერთ-ერთი ტელეარხის გადაცემა El Hormiguero-ში მიიწვიეს. გადაცემის წამყვანი პაბლო მოტოსი ასევე ბრძანდებოდა წვეულებაზე.

კასორლამ მოყვა: „მე მხოლოდ რომს ვსვამდი. ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი, მაგრამ სასმელი არ შემირევია. კარგად ვიცი, რაც მოსდევს სხვადასხვა სასმელს რომ მიეძალები. შემდეგ, შოკოლადიანი ჩუროსი (ერთგვარი ხრაშუნა ჩხირებია) ვჭამე. ძალიან გემრიელი იყო”.

საჭმელ-სასმელის შეფასების შემდეგ მოტოსი და კასორლა იმის გარჩევაზე გადავიდნენ, ვინ როგორ იცეკვა. კასორლამ სიცილით თქვა:

„ყველაზე კარგად პაბლო მოტოსი ცეკვავდა, მეორე ადგილზე კი მე ვიყავი. არა, მართლა ძალიან კარგად ვიცეკვე. მართალია კოჭი ვიღრძე, მაგრამ ამად ღირდა. ხოაკინმაც („ბეტისის” კაპიტანია) კარგად დაუარა, მაგრამ მე ვჯობდი.

პეპე რეინა კი ამყვა და პერანგი გაიფხრიწა. მე ვუთხარი, მორჩა, პეპე, დროა სახლში წახვიდე, მეთქი”.

ქორწილში საგანგებო პროგრამები ყოფილა და კასორლას აქაც გამოუჩენია თავი.

„ელექტრომანქანების ატრაქციონშიც მივიღე მონაწილეობა. ასეთ რამეზე 15 წლის მერე არ ვმჯდარვარ, მაგრამ ოსტატობა არ დამიკარგავს. საათნახევარი ისე დავქროდი აქეთ-იქით, რომ ერთხელაც არ გადმოვვარდნილვარ”.

თურმე სერხიო რამოსს ქორწილში ტელეფონების შეტანა აუკრძალავს. ყველამ დრო უნდა ატაროს, რეკვა და მესიჯობა ხელს შეგვიშლისო.

პაბლო მოტოსი: „დღემ მართლაც ასე ჩაიარა. არც კამერები გვქონდა, არც ტელეფონები… ჩვენთვის ტელეფონების ჩამორთმევა დიდებული იდეა იყო. ისევ ადამიანები გავხდით. მარტო ფლორენტინო პერესს ჰქონდა თავისი ტელეფონი თან. კალათბურთის ჩემპიონატის ფინალს უყურებდა”.