„შპორტ ბილდი” წერს, რომ ჯერ ცნობილი არ არის, სად მოირგებს მომავალ სეზონში თავის ბუცებს არიენ რობენი. ის კი არა, გამოცემის აზრით, ჯერაც საკითხავია საერთოდ მოირგებს კი რობენი ბუცებს თუ კედელზე ჩამოკიდებს.
ჰოლანდიელი, რომელმაც კარიერის ბოლო ათი წელიწადი „ბაიერნში” გაატარა, მეუღლე ბერნადინთან ერთად შვებულებიდან ბავარიაში დაბრუნდა. რატომ ბავარიაში? იმიტომ, რომ ოჯახი აქ ცხოვრობს, შვილები სკოლაში დადიან…
„შპორტ ბილდი” აღიარებს, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით შეიტყო რას აპირებს „მარცხენაფეხა” მომავალში. ფაქტია, ტრავმა, რომელმაც ის ბოლო თვეებში გააწვალა, ბოლომდე მორჩენილი არ არის. ასე რომ, მართალია, რობენს არჩევანი არ აკლია, ბევრი რამ მის ჯანმრთელობაზე იქნება დამოკიდებული.
ჰოლანდიურ პორტალ voetbalzone-თან ინტერვიუში, არიენ რობენის პირველი გუნდის PSV ეინდჰოვენის მწვრთნელმა მარკ ვან ბომელმა თქვა: „არიენთან რამდენჯერმე ვილაპარაკეთ. მან კარგად იცის, რომ „ეინდჰოვენში” დიდი სიხარულით მივიღებთ, მაგრამ ბოლო სიტყვა მასზეა”.
რობენი „ეინდჰოვენში” 2002-2004 წლებში თამაშობდა. ვან ბომელი სწორედ ამ პერიოდში იყო მისი თანაგუნდელი. მეტიც, 2009-11 წლებში ისინი„ბაიერნში” თამაშობდნენ ერთად.