საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ჯგუფის დასკვნით მატჩში შოტლანდიელებს 17:12 მოუგო და თავის ოთხეულში მე-3 ადგილზე გავიდა.
ილია მაისურაძემ ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა: ღერძი – ალანია-აბჟანდაძე მარქაფაში დატოვა, ასევე რეზერვში იყვნენ უძლიერესი ბურჯები. მაგრამ თუკი ამ უკანასკნელების ნაცვლად მინდორზე მყოფებმა შოტლანდიელებს პერმანენტულად შავი დღე აყარეს, 9 და 10 ნომრებად მოთამაშე მარგალიტაძემ და მარგიანმა გუნდი პირველ ტაიმში ვერ დაალაგეს. ამასთან, ჩვენმა ნაკრებმა შერკინების დიდი უპირატესობა ვერა და ვერ გამოიყენა, თითქმის ყველა საკუთარი დერეფანი წააგო და ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ქულებად ვერ აქცია. უფრო მეტიც – სქოთებმა საწყის 40 წუთში ორად ორჯერ შეგვიტიეს და ერთი იერიში შედეგიანად დაასრულეს. ტაიმი 0:7 წავაგეთ.
მეორე ნახევარი კი მწვრთნელებმა უკვე ძირითადებს დააწყებინეს – ალანიასა და აბჟანდაძეს, ასევე გამოჩნდა ძირითადი პირველი ხაზი. ამან შედეგი მალევე გამოიღო, მორკინალებმა სქოთები დაჩაგრეს, ჯარიმა აჰკიდეს და თედომ ზუსტად დაარტყა – 3:7. ჩვენი შეტევები გაგრძელდა, მაგრამ შოტლანდიელებმა მორიგი დერეფანი მოიგეს და დაგვალელოვეს – 3:12, რადგან გარდასახვა ვერ გაიტანეს. მაგრამ „პატარა ნარშავები“ ახალგაზრდა ბორჯღალოსნების გამჩერებლები რომ ვეღარ იყვნენ, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა და ასეც მოხდა. ჯერ იყო და თედო აბჟანდაძემ გუნდის ლამაზი შეტევა ჩვეულ სტილში – მეტოქეთა დაბრიყვებითა და ლელოში ძელებსშუა შერბენით დაასრულა, რასაც გარდასახვაც დაურთო და ანგარიში 10:12 გახადა. შემდეგ კი, 73-ზე შოტლანდიელებმა საკუთარი დერეფანი უაზროდ წააგეს, ბურთი ჩვენმა კვაჭმა ნიორაძემ აიტაცა და ლელოში დაუბრკოლრბლად შევარდა. თედომ, ცხადია, ეს ლელოც გარდასახა და ანგარიში 17:12 გახდა.
დაჩეჩქვილ შოტლანდიელებს აღარაფრის თავი აღარ ჰქონდათ, გადარჩნენ. ჩვენებს მეტი ყურადღებით რომ ეთამაშათ, უფრო სოლიდურადაც მოიგებდნენ.
თუმცა, რაცაა ესაა. ჩვენმა 20-წლამდელებმა ჯგუფში მე-3 ადგილი კი დაიკავეს, მაგრამ მე-9 – მე-12 ადგილებისთვის, ანუ ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლა თავიდან მაინც ვერ აიცილეს. მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გამოვლინდება და არაა გამორიცხული, ეს კვლავ შოტლანდია იყოს.