თამაშის მერე, სანამ ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციაზე მოვიდოდა, პენალტის ეპიზოდზე დიდი გარჩევა იყო… ცხადი გახლდათ, რომ ვაისიც შედეგის ახსნას, ამ პენალტით დაიწყებდა და ისე ყველაფერი აგიხდეთ…
1:5-ზე თავი როგორ უნდა იმართლო, მაგრამ ის პენალტი მსაჯის სინდისზე იყოსო – ასეთი იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ნათქვამის აზრი.
პენალტი, რომელსაც დანიელთა მეორე გოლი მოჰყვა, გამარჯვებულთა მწვრთნელმაც ახსენა, ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისებურ კონტექსტში: იმ პენალტზე რომ ლაპარაკობთ, იქამდე, საჯარიმოში ხელით თამაშის გამო რომ არ მოგვცა მსაჯმა თერთმეტმერტიანი, იმას რატომ არ იხსენებთო.
თავისთავად, ეს არასწორი არგუმენტია: შეცდომით არდადებული პენალტის შეცდომით დადებულით კომპენსირება მსაჯის არაკვალიფიციურობის ნიშანია.
თუმცა მთავარი აქ სხვა რამაა: თუ დააკვირდით, მესამე აბზაცზე ვართ და პენალტის გარდა არაფერი გვითქვამს – თითქოს, საქართველოს ნაკრების ბედი იმ ერთმა შეცდომით დადებულმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა. უბრალოდ, იმ პენალტზე ამდენი წერით იმის ჩვენება მინდოდა, საით წაიყვანა ვაისმა პრესკონფერენცია.
დაკვირვებული იქნებით: ასეთ ლაპარაკს ძალიან შორს და არსად მივყევართ. მოსაბეზრებელიც კი არის, გაუთავებელი ლაპარაკი, რომ ყველა ჩვენ გვჩაგრავს.
ვაისმა ჟურნალისტებს სხვა რამეც გვითხრა: შეხედეთ დანიას და შვეიცარიას – განვითარების რა დონეზე არიან და მერე საქართველოს შეხედეთო.
მწვრთნელი მართალია: დანიაც მინახავს და შვეიცარიაც და მართლა სხვა სამყაროა ერთიც და მეორეც. მაგრამ მწვრთნელი კიდევ უფრო მართალი იქნებოდა, ეს განსხვავება შესარჩევი ციკლის დაწყებამდე რომ აღმოეჩინა, კონტრაქტის გაფორმების წინ რომ აღარაფერი თქვათ.
ხომ უფრო სამართლიანი და სწორი იქნებოდა?
თამაში კი ვარჯიშს ჰგავდა. გინახავთ, ვარჯიშზე გუნდი კვადრატს რომ თამაშობს და შუაში ჩაყენებული ფეხბურთელები ამაოდ ცდილობენ ბურთის ართმევას? სწორედ ამ კვადრატის შთაბეჭდილება დამრჩა თამაშის ყურებისას.
და ის, რაც ჩვენებს მართლა მაგრად გამოუვიდათ, გოლი იყო: ასე ლამაზად, ჭკვიანურად და ზუსტად გამოყენებულ მომენტს ნებისმიერი გუნდი ხელს სიამოვნებით მოაწერდა.
ვაი, რომ ერთი ეგეთი ეპიზოდი და შესანიშნავი გოლი საკმარისი არ არის.
და ერთიც: რაც ბოლო 15 წუთში დანიელებმა მომენტები აფუჭეს, კიდევ ხუთ გოლს ეყოფოდა. მეოთხე გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს თამაში უბრალოდ აღარ უნდოდა და აღარც შეეძლო.