კოლუმბიელი ვარსკვლავი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ინსტრაგრამზე 41 მილიონი გამომწერის მყოლი ხამეს როდრიგესი „ბაიერნიდან” ოფიციალურად წავიდა. „რეკორდმაისტერი” მისი „რეალისგან” გამოსყიდვის უპირატესობას არ გამოიყენებს.

„ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა, ლეგენდარულმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განმარტა: „ხამესი ჩემთან მოვიდა და პირადად მთხოვა, მასთან თანამშრომლობა აღარ გაგვეგრძელებინა. ასეთ პირობებში მის გამოსყიდვას აზრი არ ჰქონდა. მას უნდა, რომ რეგულარულად ათამაშებდნენ, „ბაიერნში” კი ამის გარანტია არ აქვს. პირადად მე ძალიან ვწუხვარ, მასთან გამოთხოვება რომ მოგვიწევს”.

ხამეს როდრიგესი „ბაიერნმა” 2017 წელს, მაშინდელი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის მოთხოვნით იყიდა, მაგრამ იტალიელს არ დასცალდა, იმავე წლის სექტემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ანჩელოტის შემცვლელმა, იუპ ჰაინკესმა კოლუმბიელის ადაპტაციას დიდი ძალ-ღონე დაახარჯა. ის მასთან ყოველდღე ინდივიდუალურად მუშაობდა. მეტიც, გუნდურ საკითხებს საგანგებოდ მისთვის, დანარჩენი ფეხბურთელების თანდასწრებით, ესპანურად ათარგმნინებდა. „ტრიპლის” მომგები მწვრთნელის ჯაფამ გაამართლა, ხამესი კარგად ათამაშდა. მან 23 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გადააწოდა. კოლუმბიელმა გაიბრწყინა ჩემპიონთა ლიგაშიც. გულშემატკივარს თავი განსაკუთრებით „რეალთან” ნახევარფინალში (2:2) დაამახსოვრა.

შემდეგ მოვიდა ნიკო კოვაჩი და ხამესის მდგომარეობა შეიცვალა. ფეხბურთელს და ახალ მწვრთნელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამას ტრავმაც დაემატა და როდესაც სეზონის ბოლოს საბოლოოდ გაირკვა, რომ კოვაჩი „ბაიერნში” რჩება, სამხრეთამერიკელმა დრო აღარ დაკარგა, გაშვება ითხოვა.

რუმენიგემ განაგრძო: „ხამესის გამოსყიდვისა და ხელადვე გაყიდვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ. ეს „რეალის” მიმართ არ იქნება სამართლიანი. ეს „ბაიერნის” სტილი არ არის. ჩვენ ტრეფიკინგით არ ვართ დაკავებულები”.

ამბობენ, რომ ხამეს როდრიგესის ყიდვა კარლო ანჩელოტის „ნაპოლის” და „იუვენტუსს” უნდათ.