ბოლო ცნობა ასეთია: „ჩელსიმ” მაურიციო სარის „იუვენტუსში” გადასვლის ნება დართო. ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დადასტურება, მაგრამ ფაქტია, რომ სარის ტურინულ მისწრაფებებზე ევროლიგის ბაქოური ფინალის წინაც ლაპარაკობდნენ.
„სპორტიტალიას” ტრანსფერების ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ მწვრთნელის აგენტ ფალი რამადანის ამ დღეებში დასავლეთლონდონელთა კლუბის ხელმძღვანელობასთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „სქაი იტალია” თავის მხრივ ამატებს, რომ თავად სარიმაც სთხოვა დიდ „ლურჯ შეფებს” გათავისუფლება.
„იუვენტუსმა”, მოგეხსენებათ, მასიმილიანო ალეგრი თანამდებობიდან დაითხოვა. მიზეზი: მორიგი წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგაში, უფრო კონკრეტულად კი მეოთხედფინალში „აიაქსთან” მარცხი.
„ბებერმა ქალბატონმა” ზედიზედ რვაჯერ მოიპოვა სერია A-ს ჩემპიონის ტიტული, ასე რომ თუ ახალ სამსახურში გადავა, მაურიციო სარისთვის ნათელი იქნება: ტურინში ერთადერთი ამოცანა აქვთ და წარმატებად მხოლოდ მას – ჩემპიონთა ლიგის მოგებას ჩათვლიან.
სარი „ჩელსიში” გასულ ზაფხულს გადავიდა და დასავლეთლონდონელებს ევროლიგა მოაგებინა. დღეისათვის, ეს იტალიელი მწვრთნელის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა.
პრემიერლიგაში კი “ჩელსი” მესამე ადგილზე გავიდა.
თუ მაურიციო სარი „სტემფორდ ბრიჯიდან” წავა, მისი ადგილის დაკავების ყველაზე დიდი შანსი „ლურჯების” ლეგენდას ფრენკ ლამპარდს ექნება.