ლეო მესიმ „კოპა ამერიკას” დაწყებამდე ორი კვირით ადრე თქვა, რომ ძალიან უნდა კარიერა დიდი სანაკრებო ჯილდოთი დამშვენებულმა დაასრულოს. არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას” ვარსკვლავმა იქვე დასძინა, რომ თამაშისთვის თავის დანებებას ჯერ არ აპირებს.

„კარიერას იმ დღეს დავასრულებ, როდესაც ვიგრძნობ, რომ ბურთაობა სიამოვნებას აღარ მანიჭებს. ჯერჯერობით კი ვარჯიშიც მიხარია და თამაშიც. თავს ზუსტად ისე ვგრძნობ, როგორც ბავშვობაში”, — თქვა მესიმ  Fox Sports-თან ინტერვიუში.

შემდეგ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა განაგრძო:

„მინდა კარიერის ბოლოს არგენტინის ნაკრების მაისურით რომელიმე დიდი ჯილდო მქონდეს მოგებული. საამისოდ ცდას არ დავაკლებ.

როდესაც შეკრებაზე ჩავედი, მწვრთნელს ლიონელ სკალონის ვუთხარი, რომ ეროვნული გუნდის ერთ რიგით ფეხბურთელად მიგულოს”.

როდესაც საუბარი „ბარსელონას” შეეხო, მესიმ თქვა:

„ის, რაც „ლივერპულთან” შეგვემთხვა ნამდვილი ტრაგედია იყო. ჩვენ სულელური შეცდომები დავუშვით, მეტოქე კი ჟინით გვჯობდა”.

რაც შეეხება ლუის სუარესს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო ესპანეთის თასის ფინალში ვერ ითამაშა…

„ოპერაციის გამო ხალხმა სუარესი გააკრიტიკა. თქვეს, რომ ესპანეთის თასის ფინალში თამაშს კოპა ამერიკაზე თამაში ერჩივნა და ასე ამიტომ მოიქცა. სინამდვილეში კი მიზეზი სხვა რამ არის. მას დიდი ხანია მუხლი სტკიოდა, „ლივერპულთან” თამაშის შემდეგ კი მდგომარეობა ისე გაურთულდა, რომ უკვე სირბილი უჭირდა. ამიტომ ჩათვალა, რომ ახლა ოპერაციისთვის ზედგამოჭრილი დრო იყო”, — თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის „სამეფო თასის” ფინალში „ბარსელონამ” „ვალენსიასთან” 1:2 წააგო.

ნეიმარის შესახებ:

„ნეიმარი ფენომენალური ფეხბურთელია. ჩვენ ერთმანეთს დღემდე ვუკავშირდებით. მე მას და სუარესს „ვოთსაფში” ჯგუფიც კი გვაქვს შექმნილი. ჯგუფს სამხრეთ ამერიკელების მაგვარი რაღაც ჰქვია”.

და ბოლოს წარსულის მოგონება:

„გვარდიოლა ჩემთვის უნიკალური მასწავლებელი იყო. ის არის მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელს წინასწარ გაფრთხილებს, რა შეიძლება მოხდეს თამაშის განმავლობაში.

რასაკვირველია, ჩავი და ინიესტაც მენატრებიან. იმ დროს, ზუსტად ვიცოდი, რომ ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, მოვუგებდით”.