„ჩელსის” ფეხბურთელებმა ევროლიგის ფინალში „არსენალს” 4:1 მოუგეს და დიდი ტაშ-ფანდური მოაწყვეს. ზეიმი გასახდელიდან დაიწყო და ავტობუსში გაგრძელდა.

ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ თავის ინსტაგრამზე ატვირთა ავტობუსის კადრები. როგორც ჩანს პარადი ოლივიე ჟირუს მიჰყავდა. უკანა სკამზე თასიც იმას ეჭირა და ბევრსაც გიჟმაჟობდა.

ერთ ეპიზოდში ისმის როგორ ხუმრობს ჟირუ თავის ყოფილ კლუბზე, სადაც ექვსი წელი (2012-2018) გაატარა. „მადლობა, „არსენალს”! — ამბობს ის.

ზეიმში ფრიად აქტიურობდა კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა, რომელიც ავტობუსში წინ და უკან დარბოდა და ყველას ულოცავდა.

საინტერესოა, რომ კაპიტანი ვუნდერკინდ კალუმ ჰადსონ-ოდოის მხარდასაჭერად ასეთ სიტყვებს გაიძახოდა: „ის კარგი მოთამაშეა! მას ახალი კონტრაქტი სჭირდება!”

დანარჩენი ფეხბურთელები ასპილიკუეტას აყვნენ და ჰადსონ-ოდოისთვის ახალ კონტრაქტს ითხოვდნენ.

როდესაც კადრში დავიდ ლუისი გამოჩნდა, ყველამ ერთხმად მხიარული „ბუუუუუ” შემოსძახა, ვეტერან მეკარეს რობ გრინს კი დიდი პატივისცემა აგრძნობინეს. არადა გრინი ბაქოში სათადარიგოთა სკამზეც კი არ იჯდა.

გრინი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 12 თამაში აქვს ჩატარებული, 2018 წლის ივლისში განხორციელებული ფრიად უცნაური ტრანსფერის შედეგად გახდა „ჩელსის” მოთამაშე. მან „ლურჯების” შემადგენლობაში ერთადერთხელ ითამაშა, ამხანაგურ შეხვედრაში აშშ-ის „ნიუ ინგლანდ რევოლუშენის” წინააღმდეგ.