მაურიციო სარიმ ბაქოში, „ჩელსის” ბოლო ვარჯიშზე თავი ვერ მოთოკა და მოედნიდან გაიქცა. მიზეზი: ერთი შეხედვით, იტალიელმა მწვრთნელმა გონსალო იგუაინისა და დავიდ ლუისის გამაღიზიანებელი კინკლაობა ვერ აიტანა. ძნელია, როდესაც ევროლიგის ფინალის წინა დღეს ფეხბურთელებისგან უპასუხისმგებლობას ხედავ.

განრისხებულმა სარიმ კეპი მოგლიჯა, დააგდო და ფეხი გაჰკრა.

ეს ამბავი საღამოს ვარჯიშზე მოხდა. არგენტინელი და ბრაზილიელი რამდენჯერმე უხეშად შეებრძოლენ ერთმანეთს ბურთისთვის, თუმცა ეს არ იკმარეს და კარგა ხნის განმავლობაში სიტყვიერადაც აფორმებდნენ თავიანთ დაპირისპირებას. „დეილი მეილი” წერს, რომ ეს ყველაფერი მაინც ასატანი იქნებოდა, სარის თავისი საქციელით ყველაფერი კიდევ უფრო რომ არ დაეძაბა და გაემწვავებინა.

„ჩელსის” ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ იტალიელი მწვრთნელის საქციელი ფეხბურთელების ბრიყვული ქცევით არ იყო განპირობებული.

„ვარჯიშის მიწურულს მაურიციოს განრისხება იგუაინსა და ლუისთან არაფერ შუაში იყო. მას ნერვები იმის გამო მოეშალა, რომ ერთსაათიანი სესიის ბოლო 15 წუთის განმავლობაში სტანდარტულ სიტუაციებზე ვარჯიშის საშუალება არ მიეცა, რადგან სესია პრესისთვის დახურული არ იყო” — წერია განცხადებაში.

რაგინდ უცნაურად გეჩვენოთ, მანამდე, პრეს-კონფერენციაზე მაურიციო სარიმ გულისამაჩუყებელი სიტყვები თქვა:

„სეზონის დასაწყისში ფეხბურთელების გაგება მართლა მიჭირდა, მათი მენტალიტეტი მეუცხოვებოდა. ურთულესი იანვრის შემდეგ კი შევატყვე, რომ ისინი ნელ-ნელა შეიცვალნენ. ან, იქნებ მე შევიცვალე. არ ვიცი.

დღეს მე ისინი მიყვარს. ახლა გუნდში მყავს 20-22 შესანიშნავი ადამიანი და მოთამაშე. რასაკვირველია, ეს ყველაფერი სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება”.

ყოფილმა ფეხბურთელმა და სპორტულმა მიმომხილველმა მარტინ კიოუნმა BT Sport-ზე თავის კომენტარში თქვა:

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც მწვრთნელი მართალი არ არის. ის რომ ასე არ მოქცეულიყო, არავის ეცოდინებოდა, რომ გუნდში რაღაც ისე არ არის. სარი ზედმეტად ემოციურია”.

და ყველას გაახსენდა მეკარე კეპა არისბალაგას ინციდენტი, როდესაც ბასკმა „მანჩესტერ სიტისთან” ლიგის თასის შეხვედრაში, პენალტების სერიის წინ მოედნიდან გასვლაზე უარი თქვა. სარი მაშინაც აღელდა და ცოტაც დააკლდა გასახდელში გაიქცა.