ბათუმის BSB კვლავ საქართველოს ჩემპიონია! შავი ზღვის ბიჭებმა ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ მოიპოვეს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული. აქამდე ისინი 2016 და 2018 წლებში იყვნენ ქართული ხელბურთის მწვერვალზე.

ფინალში BSB თბილისის „პეგასს” შეხვდა, მაგრამ გადამწყვეტი თამაში ვერ გამოდგა დაძაბული  35:25. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ ფინალურ ოთხეულში ყველაზე დრამატული „პეგასის” და „ქუთაისის” ნახევარფინალური მატჩი იყო. დაძაბული გახლდათ შარშანდელი ფინალიც ბათუმის და ქუთაისის გუნდებს შორის. ამჯერად კი ძლიერმა თვალსაჩინოდ გაიმარჯვა. მერაბ ჭანტურიას და მამუკა მჟავანაძის გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში სჯობდა კონკურენტებს. ის იყო ყველაზე გამოცდილი, მას ჰქონდა ყველაზე „გრძელი სკამი” და მოიგო კიდეც 23 შეხვედრიდან 21.

რაც შეეხება „შავი ზღვის ბიჭებისა” და „პეგასის” წყვილს, ისინი ამ სეზონში ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. თასის ფინალში „პეგასმა” იმარჯვა, ჩემპიონატის შეხვედრებში კი BSB-მ — 2:1.

ის, რომ საქართველოს ჩემპიონი ბათუმის გუნდი გახდებოდა, ფაქტობრივად მეორე ტაიმის დასაწყისშივე გახდა ცნობილი, მაგრამ ამის მიუხედავად თამაშს სიხისტე წამით არ დაკლებია. ბათუმელები ცხრაჯერ გააძევეს ორი წუთით, თბილისელები 12-ჯერ.

პეგასი ფინალურ ოთხეულში მეორედ იყო, ფინალში პირველად გავიდა და ჩემპიონატის მედლები პირველად მოიპოვა, რაც ტიტე კალანდაძისა და გიორგი სახვაძის ახალგაზრდული გუნდისთვის უდაოდ დიდი წარმატებაა, მით უფრო, რომ გუნდს ტრავმის გამო მთელის სეზონის განმავლობაში აკლდა ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლაპიაშვილი.

მესამე ადგილისთვის მატჩში ქუთაისი რამდენჯერმე დაწინაურდა 4 ბურთით თელავი სტუ-იმედთან, მაგრამ თელაველები ყოველთვის ათანაბრებდნენ ანგარიშს და ბოლოს ერთი ბურთით მოიგეს კიდეც, 31:30.

რაც შეეხება ქალთა ჩემპიონატს, მესამე ადგილი მოიპოვა ყვარელმა, რომელმაც მოუგო სამტრედიას 30:25, ხოლო ფინალში ფოთის „ოქროს ვერძმა” 32:25 აჯობა შარშანდელ ჩემპიონ თბილისის „ქარიშხალას”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქალთა ეროვნული ჩემპონატები, მრავალწლიანი არარსებობის შემდეგ, 2015-16 სეზონში აღდგა. უკვე გაიმართა ოთხი ჩემპიონატი და ოთხივეს სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავდა: „პეგასი”, „ყვარელი”, „ქარიშხალა” და „ფოთი”.