ხელბურთელმა კაცებმა და ქალებმა საქართველოს ჩემპიონატების ფინალისტები გამოავლინეს. კაცების ფინალში ითამაშებენ ბათუმის BSB და თბილისის „პეგასი”, ქალებისაში კი ფოთის „ოქროს ვერძი” და თბილისის „ქარიშხალა”.
ყველაზე დრამატული გამოდგა „პეგასისა” და „ქუთაისის” ნახევარფინალური შეხვედრა. „პეგასმა” მოიგო 30:29. ბოლო წუთზე ჯერ ქუთაისის მეკარე გულეიშვილმა აიღო შვიდმეტრიანი და თავის გუნდს გათანაბრების შანსი დაუტოვა, დასრულებამდე 10 წამით ადრე კი იგივე გააკეთა პეგასის გოლკიპერმა დიხამინჯიამ, რომელმაც ამ თამაშში ოთხი შვიდმეტრიანი მოიგერია.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში თელავის „სტუ-იმედმა” პირველ ტაიმში იყოჩაღა — რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ BSB-ს პირველი ტაიმი ფრედ ეთამაშა. ამაში დიდი წვლილი შეიტანა თელაველთა მეკარე ცინცაძემ, რომელმაც 12 დარტყმა მოიგერია.
შესვენების შემდეგ ბათუმელთა უპირატესობა გამოიკვეთა და შეხვედრა დასრულდა BSB-ს გამარჯვებით 27:22.
ქალთა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა „ყვარელმა” ფლეი-ოფებამდე შვიდიდან შვიდი თამაში მოიგო, მაგრამ ნახევარფინალში ფოთის გუნდთან დამარცხდა — 31:35. მეორე ნახევარფინალში კი „ქარიშხალამ” იოლად დაამარცხა „სამტრედია” — 36:24.